ყველა ძალიან კარგად ხედავს, რომ მიდის ანტიდასავლური რიტორიკა იმ დროს, როცა რუსეთის მიმართ არის სიჩუმე, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემა „დღის თემაში“ განაცხადა.
მისი თქმით, არ შეიძლება ვიყოთ "მსოფლიოში ერთადერთი ქვეყანა, რომელიც ამ ტონით ეკამათება ხან ევროპარლამენტს, ხან ამერიკის ელჩს, ხან ცალკეულ სხვა ელჩებს".
არ გამიგია არსად, 40 წელი მქონდა დიპლომატიური გამოცდილება, ასეთი წესები არ მინახავს. არ მინახავს, რომ პრემიერი წერდეს, ჯერ ერთი ეს ნიშნავს, რომ ინსტიტუტების არ გვესმის არაფერი, წერდეს კომისიის თავმჯდომარეს იმისთვის, რომ გაემიჯნოს ევროპარლამენტს, როცა გამიჯნულია ისედაც, რადგან სხვა ტერმინოლოგია გამოიყენა ევროპულმა საბჭომ და არ გადმოიტანა ყველა ის ტერმინი, რაც იყო ევროპარლამენტისგან რეზოლუციაში ჩასმული.
არის რაღაცები დიპლომატიაში, ჯერ ერთი, ინსტიტუტების ურთიერთობა, ერთია კომისია, რომელიც არ მისცემს შენიშვნებს და არ გაემიჯნება ევროპარლამენტს. უნდა იცოდე, რომ ეს არის ორი ცალკე, დამოუკიდებელი ინსტიტუტი, რომელიც ერთმანეთს პატივს სცემს, რასაც, მესმის, რომ ჩვენ არ ვართ მიჩვეული. პოზიციის დაფიქსირება ხდება დიპლომატიურ ტერმინებში, როცა არის საქმეები გადასაწყვეტი. შეიძლება ერთი ერთზე. აგერ იყო ურსულა ფონ დერ ლაიენი ბაქოში. ჩვენ ძალიან კარგი ურთიერთობები გვაქვს აზერბაიჯანთან. რა უნდოდა, რომ გვეთქვა, ჩამოფრინდეს ნახევარი საათით, გვაქვს სასაუბრო. რატომ არავინ არ ჩასულა 12 პუნქტის შემდეგ, რომ რეალურად გაგვერკვია, როგორ არის ეს პუნქტები, რამდენად არის მთლიანად მართლა ჩვენ მიერ შესასრულებელი, თუ არის რაღაცა ლავირების საშუალებები, ამას ჰქვია მუშაობა, მაგრამ ჩვენ გვირჩევნია ბრალდება ხან ერთზე, ხან მეორეზე, ჩვენ ვართ მართლები და ამით საქმე არ კეთდება“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
მისივე თქმით, „ყველა ძალიან კარგად ხედავს, რომ მიდის ანტიდასავლური რიტორიკა იმ დროს, როცა რუსეთის მიმართ არის სიჩუმე“.
„დღესაც როცა ვუყურებთ, რა ხდება აფხაზეთში, ბიჭვინთაში და არის იქ ვნებათაღელვა, საქართველოს არ ეხება?“, – აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.