აშშ-ის შეიარაღებული ძალების შტაბების მეთაურთა კომიტეტის თავმჯდომარე, გენერალი მარკ მილი აცხადებს, რომ რუსეთმა ჯერჯერობით უკრაინაში ვერცერთი ზალპური ცეცხლის რეაქტიულ სისტემა HIMARS ვერ გაანადგურა.
"დღეის მდგომარეობით უკრაინისთვის გადაცემული შორ დისტანციაზე მოქმედი რეაქტიული დანადგარების განადგურება რუსებმა ვერ მოახერხეს. ყოველ ჯერზე როცა მსგავს რამეს ვამბობ ხეზე ვაკაკუნებ, უკრაინელები ამ საარტილერიო დანადგარებს ეფექტურად იყენებენ",- განაცხადა გენერალმა.
მანამდე რუსმა სამხედროებმა არაერთხელ განაცხადეს, რომ მათ მოახერხეს უკრაინისთვის მიწოდებული დასავლური იარაღის, მათ შორის ამერიკული HIMARS-ის განადგურება.
გენერალ მილის განცხადებით, ამ დროისთვის, აშშ-ის მიერ უკრაინისთვის მიწოდებული HIMARS-ის რაოდენობა 12-ია. უახლოეს დღეებში იგეგმება კიდევ 4 სისტემის მიწოდება.