აშშ-ის საელჩოდან არავინ ცდილობს მოსამართლეებზე ზეწოლის მოხდენას, ასე არ ვმუშაობთ, - განაცხადა აშშ-ის ელჩმა საქართველოში, კელი დეგნანმა ნიკა გვარამიას საქმის მოსამართლის ბრალდებების საპასუხოდ.
კელი დეგნანის განცხადებით, აშშ-ის საელჩო მართლმსაჯულებაში არ ერევა.
"ამერიკის საელჩოს პროგრამები არ არის შექმნილი იმისთვის, რომ მოახდინოს ვინმეს დასანქცირება. ჩვენი პროგრამები არის ღია და გამჭვირვალე მოსამართლეებისთვის, იურისტებისთვის და იმათთვის ვისაც აქვთ სურვილი ითანამშრომლონ თავიან კოლეგებთან ამერიკის შეერთებულ შტატებში. აშშ-ის საქმიანობა საქართველოში სასამართლო სისტემასთან დაკავშირებით გულისხმობს სასამართლო სისტემის დახმარებას იმისათვის, რომ იყოს დამოუკიდებელი, გამჭვირვალე, და რომლის გადაწყვეტილებაც იქნება დაფუძნებული კანონსა და მტკიცებულებებზე. ძალიან სამწუხაროა, თუ ვინმე ცდილობს მოსამართლეებზე ზეგავლენის მოხდენას, თუმცა გარწმუნებთ, რომ ეს საელჩოს წარმომადგენელი არ არის... აშშ-ის საელჩოდან არავინ ცდილობს მოსამართლეებზე ან მათ გადაწყვეტილებებზე ზეწოლის მოხდენას. ჩვენ ასე არ ვმუშაობთ", - თქვა ელჩა.
რამდენიმე დღს წინ, მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ განაცხადა, რომ ნიკა გვარამიას საქმეზე განაჩენის გამოცხადების შემდეგ, სასამართლოს შენობაში აშშ-ის საელჩოს თანამშრომელი შეხვდა, რომელმაც თითქოს უთხრა, რომ ელჩს აინტერესებს, რატომ გამოიყენა თავისუფლების აღკვეთის ზომა [გვარამიას მიმართ].
წერილში ჩხიკვაძემ ამბობს, რომ ნიკა გვარამიას განაჩენის შემდეგ საელჩომ ის აშშ-ში პროგრამიდან მოხსნა. ჩხიკვაძის შეფასებით, ეს საელჩოს მხრიდან სასამართლოს დამოუკიდებლობაში ჩარევა იყო.