შვეიცარიის ხელისუფლება არ მიიღებს სამკურნალოდ რუსეთთან ომის დროს დაშავებულ უკრაინელებს, რადგან ასეთი ქმედებები ეწინააღმდეგება შვეიცარიის ნეიტრალიტეტის კანონებს. იტყობინება გაზეთი Tages Anzeiger-ი საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით.
გავრცელებული ცნობით, შვეიცარიის რამდენიმე კანტონის ხელისუფლება მზად იყო მიეღო დაჭრილი უკრაინელები ნატოს სტრუქტურების თხოვნით, რომლებიც ომის დროს დაზარალებულთა მკურნალობას აორგანიზებენ.
თუმცა, დაჭრილი უკრაინელების მიღება შვეიცარიის ფედერალურმა ხელისუფლებამ დაბლოკა.
სააგენტო AFP ავრცელებს შვეიცარიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას, სადაც განმარტებულია ამ გადაწყვეტილების მიზეზები.
"შვეიცარია უპირატესობას ანიჭებს, ჰუმანიტარული დახმარებისა და სხვადასხვა პროგრამის მეოხებით, უზრუნველყოს ეფექტური მხარდაჭერა ადგილზე, ვიდრე პაციენტები ქვეყანაში მიიღოს. გარდა ამისა, თუ სამხედრო პაციენტებს მივიღებდით, ნეიტრალიტეტის კანონის კუთხით დაბრკოლებები შეიქმნებოდა. და წარმოუდგენელია ერთმანეთისგან განასხვავო სამხედრო და სამოქალაქო პაციენტები", - ნათქვამია განცხადებაში.
ამავდროულად, შვეიცარიის საგარეო უწყება შენიშნავს, რომ ქვეყნის ხელისუფლებამ სამედიცინო აღჭურვილობა გაგზავნა ლვოვის, სუმისა და ჩერნიგოვის საავადმყოფოებში.
შვეიცარია ტრადიციულად არ უერთდება არცერთ სამხედრო ალიანსს და ომების დროს ნეიტრალური რჩება, ის არ არის ნატოს წევრი. ივნისის დასაწყისში ცნობილი გახდა, რომ შვეიცარიის ხელისუფლებამ დაბლოკა მათ მიერ წარმოებული ჯავშანტექნიკის მიწოდება უკრაინაში, რომლის გადაცემასაც დანია აპირებდა.