მსოფლიოში სიდიდით მეორე ტანსაცმლის საცალო გაყიდვების შვედური ბრენდი H&M, უკრაინაში შეჭრის გამო, რუსეთის ბაზარს სრულად ტოვებს.
კომპანიამ რუსეთში გაყიდვები ჯერ კიდევ 2 მარტს შეაჩერა.
"საფუძვლიანი ანალიზის შემდეგ, შექმნილ ვითარებაში რუსეთის ფედერაციაში ბიზნესის გაგრძელება შეუძლებლად მივიჩნიეთ", - ნათქვამია H&M-ის პრესრელიზში.
კომპანიის განცხადებით, რუსეთში არსებული მაღაზიები დროებით, შეზღუდული ვადით, განაახლებენ მუშაობას, რათა გაიყიდოს საქონლის არსებული მარაგები.
გავრცელებული ცნობით, H&M-ს რუსეთის ბაზრიდან გასვლა დაახლოებით 2 მილიარდი შვედური კრონა (190 მილიონი აშშ დოლარი) დაუჯდება.
H&M დაარსდა 1947 წელს შვედეთში. H&M ბრენდის გარდა, კომპანია ასევე ფლობს COS, Monki, & Other Stories, Weekday, ARKET და Afound ბრენდებს, ასევე H&M Home საყოფაცხოვრებო საქონლის მაღაზიების ქსელს.
რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, რუსული ბაზარი ასობით საერთაშორისო ბრენდმა დატოვა.