ევროკავშირი განიხილავს ზოგიერი რუსი ფიზიკური პირისთვის სანქციების გაუქმების შესაძლებლობას, რადგან ბლოკის იურისტები მივიდნენ დასკვნამდე, რომ სანქციები შესაძლოა არადამაჯერებელი საფუძვლით ყოფილიყო დაწესებული. იტყობინება Bloomberg-ი წყაროებზე დაყრდნობით.
წყაროების თანახმად, 30-მდე პირმა შეიტანა სარჩელი ევროკავშირის წინააღმდეგ და სანქცირებულთა სიიდან ამოღება მოითხოვა. ამასთან, ანალოგიური მოთხოვნით პირდაპირ ევროკავშირს 10-მდე ადამიანმა მიმართა. საერთო ჯამში, ევროკავშირის სანქციებთან დაკავშირებით სასამართლოებში 41 სარჩელი შევიდა.
Bloomberg-ის ცნობით, ევროკავშირის იურიდიული სამსახურის თანამშრომლებმა ოთხშაბათს გამართულ შეხვედრაზე ალიანსის მუდმივ წარმომადგენლებს განუცხადეს, რომ ზოგიერთი მოთხოვნა გამართლებულია.
"სანქციების ქვეშ მყოფი პირების მიერ მოწოდებული ინფორმაცია მიუთითებს იმაზე, რომ სანქციების დამადასტურებელი მტკიცებულებები იყო სუსტი, მოძველებული ან მცდარი", - წერს Bloomberg-ი.
როგორც იუწყებიან, იმ პირთა შორის, ვინც ევროკავშირს სანქციების გაუქმების მოთხოვნით მიმართა, არიან გლობალური სასუქების კომპანია EuroChem Group-ის დამფუძნებელი ანდრეი მელნიჩენკო და მისი მეუღლე ალექსანდრა. მათი მტკიცებით, სანქციების დაწესების საფუძვლად წარმოდგენილი ინფორმაცია მცდარია, "მათ შორის ბრალდებები, რომ ისინი მჭიდრო კავშირში არიან რუსეთის ხელმძღვანელობასთან".
ამავდროულად, რუსმა ოლიგარქებმა ალექსეი მორდაშოვმა და ალიშერ უსმანოვმა, რომლებიც წელს ევროკავშირის სანქციების ქვეშ მოექცნენ, ასევე სთხოვეს ბლოკს გადაწყვეტილების გადახედვა.
ფიზიკური პირების მიმართ სანქციების მოხსნისთვის საჭიროა ევროკავშირის წევრი ქვეყნების მხარდაჭერა.
ამასთან, Bloomberg-ის ცნობით, ევროკავშირი მუშაობს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეშვიდე პაკეტზე, რომლის ფარგლებშიც შემოთავაზებული იქნება კიდევ 50 რუსი ფიზიკური და იურიდიული პირის სანქცირება. მეშვიდე პაკეტში ასევე გათვალისწინებული იქნება რუსეთიდან ოქროს იმპორტის აკრძალვა.
ასევე გაფართოვდება ორმაგი დანიშნულების პროდუქტების სია, რომლის ექსპორტი აკრძალულია რუსეთში და სანქციები დაუწესდება ფიზიკურ პირებს.
მოელიან, რომ ევროკომისია სანქციების მეშვიდე პაკეტთან დაკავშირებულ წინადადებებს უახლოეს დღეებში წარადგენს. ევროკომისიის წინადადებები იმისათვის, რომ ამოქმედდეს, ევროკავშირის საბჭომ უნდა მოიწონოს.
უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის საპასუხოდ ევროკავშირმა სანქციების 6 პაკეტი მიიღო.