ქაიხოსრო (ქაქუცა) ჩოლოყაშვილი 1888 წლის 14 ივლისს, სოფელ მატანში დაიბადა. მსახურობდა ტვერის დრაგუნთა პოლკში. პირველ მსოფლიო ომში, თავდაპირველად, ავსტრია-უნგრეთის ფრონტზე იბრძოდა, სადაც ცხენოსან ესკადრონს მეთაურობდა. ბრძოლაში მიღებული პირველი ჭრილობის შემდეგ, ჩოლოყაშვილი კავკასიის ფრონტზე გადაიყვანეს, სადაც სარიყამიშის ბრძოლის დროს სტრატეგიული პოზიციის - „არწივის ბუდის“ დაცვისას მეორედ დაიჭრა და გმირობისთვის, წმინდა გიორგის მეოთხე ხარისხის ორდენითა და ოქროს ხმლით დაჯილდოვდა. გამოჯანმრთელების შემდეგ, იგი გენერალ ბარათოვის კორპუსის შემადგენლობაში მყოფ ქართულ ცხენოსანთა ათასეულის რიგებში მესოპოტამიის ფრონტზე იბრძოდა.
საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ, 1918-1920 წლებში, ქაქუცა ჩოლოყაშვილი სახალხო გვარდიის ცხენოსან დივიზიონში მსახურობდა, სადაც დივიზიონის პირველ ესკადრონს მეთაურობდა. თავი გამოიჩინა 1918 წელს, სადახლო-შულავერის ფრონტზე, 1919 წელს, სოჭის ფრონტზე, გენერალ დენიკინის შენაერთების წინააღმდეგ ბრძოლაში და გორის მაზრაში, ამბოხების ჩახშობის დროს.
1920 წლის აპრილში ქაქუცა ჩოლოყაშვილი, რამოდენიმე ოფიცერთან ერთად, სახალხო გვარდიიდან გარიცხეს, რადგან ისინი ერთ-ერთ დაპატიმრებულ ოფიცერს გამოექომაგნენ, მისი გათავისუფლება მოითხოვეს და განაცხადეს, რომ თუ ოფიცრს არ გაათავისუფლებდნენ, ისინი გვარდიას დატოვებდნენ. შტაბის აზრით, ოფიცრებმა დივიზიონის დატოვების გადაწყვეტილება ძალზე რთულ მომენტში მიიღეს, როდესაც ქვეყანა, ფაქტობრივად, საომარ მდგომარეობაში იმყოფებოდა და მთავრობასთან შუამდგომლობა დააყენეს, რომ მათ არმიასა და გვარდიაში სამხედრო სამსახური აკრძალვოდათ. მთავრობის თავმჯდომარემ იუსტიციის მინისტრს აღნიშნულ საქმეზე გამოძიების დაწყებით მიმართა.
1920 წლის ივლისში, გამომძიებელმა თარხნიშვილმა, ცხენოსანი დივიზიონის ოფიცერთა საქმე წინასწარ ძიებაში მიიღო, მაგრამ შემდგომ, საქმეს მსვლელობა არ მისცემია. ქაქუცა ჩოლოყაშვილი 1920 წლის ზაფხულიდან ბათუმის ოლქის გენერალ-გუბერნატორ ბენია ჩხიკვიშვილთან მსახურობდა, განსაკუთრებულ მინდობილობათა ოფიცრად. რუსეთ-საქართველოს 1921 წლის ომის დასაწყისში, ქაქუცა ჩოლოყაშვილი, გენერალ დავით ჭავჭავაძესთან ერთად, დასავლეთ საქართველოში ახალი ცხენოსანი ნაწილების ჩამოსაყალიბებლად გააგზავნეს. ომის ბოლო პერიოდისთვის, მათ შეძლეს ორი ესკადრონის შექმნა, რომელთაგან ერთ-ერთს თავად ქ. ჩოლოყაშვილი ჩაუდგა სათავეში.
საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს დაპყრობის შემდეგ, 1922 წელს, ქაქუცა ჩოლოყაშვილმა შეფიცულთა რაზმი შექმნა და საბჭოთა ხელისუფლების წინააღმდეგ პარტიზანული ბრძლა დაიწყო. იმავე წელს, მისმა რაზმმა ხევსურეთში აჯანყება მოაწყო. 1924 წლის აგვსიტოს აჯანყებაში, გეგმის მიხედვით, მის რაზმს თბილისი უნდა აეღო, თუმცა აჯანყება დამარცხდა და ქაქუცა ჩოლოყაშვილს საფრანგეთში მოუწია წასვლა, სადაც 1930 წელს ტუბერკულიოზით გარდაიცვალა.
2005 წელს ქაქუცა ჩოლოყაშვილი ლევილიდან თბილისში გადმოასვენეს და საქართველოს ეროვნულ გმირის წოდება მიანიჭეს.