პენტაგონის, შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტამენტის განცხადებით, ლიკვიდირებულია ტერორისტული ორგანიზაცია "ისლამური სახელმწიფოს" ერთ-ერთი ლიდერი მაჰერ ალ-აგალი.
შეერთებულმა შტატებმა სირიის ჩრდილო-დასავლეთში, ქალაქ ჯინდარისთან უპილოტო საფრენი აპარატით დარტყმა განახორციელა. პენტაგონის განცხადების თანახმად, მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლი არ არის.
მძიმედ დაიჭრა "ისლამური სახელმწიფოს" კიდევ ერთი ლიდერი, მისი ვინაობა ჯერ დადგენილი არ არის.
შეგახსენებთ, თებერვალში, "ისლამური სახელმწიფოს" მთავარმა ლიდერმა, აბუ იბრაჰიმ ალ-ჰაშიმ ალ-ყურეიშმა სირიაში აშშ-ის სამხედრო რეიდის დროს თავი აიფეთქა.
"ისლამური სახელმწიფო" 2014-2017 წლებში, სირიის ტერიტორიის მნიშვნელოვან ნაწილს აკონტროლებდა.
აშშ-ის შეიარაღებული ძალების სარდლობა მოელის, რომ "ისლამური სახელმწიფოს" ლიდერების განადგურება ორგანიზაციის ტერორისტული საქმიანობის პარალიზებას მოახდენს.
შეერთებულ შტატებს დაახლოებით 900 ჯარისკაცი ჰყავს სირიაში, ძირითადად ქვეყნის აღმოსავლეთში, სადაც უკვე ათწლეულზე მეტია რაც სამოქალაქო ომი მიმდინარეობს.
ბაიდენის ადმინისტრაციას ჯერ არ დაუსახელებია სირიაში სამხედრო კონტიგენტის ყოფნის მკაფიო ვადები.