დიდი ბრიტანეთის ჯერ კიდევ მოქმედი პრემიერ-მინისტრის ბორის ჯონსონის მემკვიდრის ვინაობა 5 სექტემბერს გახდება ცნობილი.
მმართველმა კონსერვატიულმა პარტიის "1922 წლის კომიტეტმა" შეიმუშავა წესები, რომლის თანახმადაც მოხდება პარტიის ლიდერისა და შესაბამისად, ახალი პრემიერ-მინისტრის არჩევა.
პარტიის ლიდერობის კანდიდატების პირველი კენჭისყრა 12 ივლისს არის დაგეგმილი. ამ დროისთვის, პარტიის ლიდერისა და პრემიერ-მინისტრის პოსტის დასაკავებლად ბრძოლის სურვილი 11-მა კანდიდატმა გამოთქვა.
"1922 წლის კომიტეტის" მიერ შემუშავებული წესების მიხედვით, პირველ კენჭისყრაზე გასვლის უფლების მოსაპოვებლად, თითოეულმა კანდიდატმა თემთა პალატის 358 დეპუტატიდან (კონსერვატორთა რიგებიდან), სულ მცირე 20 კოლეგის მხარდაჭერა უნდა წარადგინოს. მანამდე, ამისთვის 8 თანაპარტიელის მხარდაჭერაც საკმარისი იყო.
კანდიდატი, რომელიც პირველ კენჭისყრაში 30-ზე ნაკლებ ხმას მიიღებს, კენჭისყრის მეორე რაუნდში, რომლის გამართვაც ხუთშაბათს იგეგმება, მონაწილეობას ვეღარ მიიღებს.
შეგახსენებთ, 7 ივლისს ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა კონსერვატიული პარტიის ლიდერის თანამდებობა დატოვა. ჯონსონი პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შესრულებას განაგრძობს, ვიდრე კონსერვატიული პარტია ახალ ლიდერს არ აირჩევს.
კანდიდატები:
რიში სუნაკი - ყოფილი ფინანსთა მინისტრი
პენი მორდონტი - ყოფილი თავდაცვის მდივანი
ტომ ტუგენდატი - თემთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე
ლიზ ტრასი - საგარეო საქმეთა მდივანი
კემი ბადენოხი - ადგილობრივი თვითმმართველობის საკითხთა მინისტრი
ნამიდ ზაჰავი - მოქმედი ფინანსთა მინისტრი
ჯერემი ჰანტი - თემთა პალატის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე
სუელა ბრეივერმანი - ინგლისისა და უელსის გენერალური პროკურორი
საჯიდ ჯავიდი - ყოფილი ჯანდაცვის მდივანი
გრანტ შეპსი - ტრანსპორტის მდივანი
რეჰმან ქიშტი - დეპუტატი