"სტრატეგია აღმაშენებლის წევრი", დეპუტატი პაატა მანჯგალაძე "საზოგადოებრივ მაუწყებელთან" საუბარში, პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილის განცხადებას ეხმიანება.
მანჯგალაძის თქმით, უმჯობესი იქნება, თუ ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში დაბრუნდება და პასუხისმგებლობას თავად აიღებს.
მისი თქმით, როცა საუბარია ოლიგარქიზაციასა და არაფორმალურ მმართველობაზე, თუ ბიძინა ივანიშვილი ნახავს, რომ მისი სანქცირების შანსები დიდია, სანქციებისგან თავის დაღწევის მიზნით შეიძლება, ფორმალური თანამდებობებიც მიიღოს და სახელისუფლებო იმუნიტეტით ისარგებლოს.
„უკეთესი იქნება, ბიძინა ივანიშვილი დაბრუნდეს პოლიტიკაში და მეფის ნაცვლებით კი არ გველაპარაკოს, არამედ პასუხისმგებლობა თავად აიღოს, მათ შორის ასობით ადამიანზე ქვეყნიდან რომ გარბიან, ასობით ბავშვებზე სიღარიბის ზღვარზე რომ არის. ამ ყველაფერს კონკრეტული სახელი რომ დავარქვათ, პასუხისმგებელია არა ღარიბაშვილი და კობახიძე, არამედ მილიარდელი ივანიშვილი, რომელსაც 35 პროცენტზე მეტი აქვს საქართველოს მშპ-ზე. ასეთი ადამიანი ძარცვით არის დაკავებული. მნიშვნელოვანია დაბრუნდეს პოლიტიკაში“, – განაცხადა მანჯგალაძემ.