"ქართული ოცნების" რიგებს ტოვებს გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილე მიხეილ გოგინაშვილი.
მანამდე, მმართველი პარტიის რიგები დატოვეს ახალციხის, ლაგოდეხის, ჭიათურისა და თერჯოლის საკრებულოს წევრებმა.
მიხეილ გოგინაშვილის განმარტებით, აღნიშნული გადაწყვეტილება იმიტომ მიიღო, რომ არავის მისცეს საშუალება, ქვეყანა ომის ქარცეცხლში გახვიონ.
"ჩემთვისაც ძალიან რთულია ნაწილ-ნაწილ ვილაპარაკო ხალხში და ვზომო რამდენის თქმაა საჭირო და რამდენის არა. მე მგონი ჯობს იმ ხალხს შევუერთდე, ვინც მეტის ლაპარაკს აპირებს...
მაშინ როდესაც, მიხეილ ყაველაშვილის მიერ დასმულ კითხვებზე, რომელიც დარწმუნებული ვარ ქართველი ხალხის დიდ ნაწილს გააჩნია, უახლოესი პარტნიორი ქვეყნის ელჩის მხრიდან ასეთი მძიმე შეფასებები მოვისმინეთ. ნაცვლად იმისა, რომ ჩვენ მოგვესმინე კითხვებზე პასუხები, ვნახეთ შეურაცხყოფა და უპატივისმცემლობა.
ქართველმა ხალხმა (განსაკუთრებით გორელებმა) კარგად იცის როგორია ომის ფასი, რომლისკენაც სურთ რადიკალურ ძალებს უბიძგონ ჩვენ ქვეყანს. იმის ნაცვლად, რომ ამერიკის ელჩი ემიჯნებოდეს მათ და ყველა მსგავს ძალას და მცდელობას, სამწუხაროდ ვნახეთ საპირისპირო.
სწორედ ამიტომ, ვუერთდები ჩემი კოლეგის მოწოდებას, ვტოვებ პარტია "ქართულ ოცნებას" და ფრაქციის თავმდჯომარის მოადგილის თანამდებობას იმისთვის, რომ უფრო თავისუფლად შევძლო ამ ყველაფერზე საუბარი და ჩემს თანამოაზრეებთან ერთად არავის მივცე საშუალება კიდევ ერთხელ გახვიონ ჩვენი ქვეყანა ომის ქარცეცხლში." წერს გოგინაშვილი ფეისბუქზე.