გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მდივანი ლიზ ტრასი კონსერვატიული პარტიის ლიდერობისა და პრემიერ-მინისტრის პოსტისთვის იბრძოლებს. ამის შესახებ ტრასმა The Daily Telegraph-ში გამოქვეყნებულ სვეტში დაწერა.
"ჩვენ ვდგავართ უზარმაზარი გამოწვევების წინაშე შინ, გლობალური ეკონომიკური კრიზისის პირობებში. ჩვენ ვაწყდებით უზარმაზარ გამოწვევებს საზღვარგარეთ აგრესიული რუსეთიდან ვიდრე ჩინეთამდე. მომდევნო არჩევნებისთვის მოსამზადებლად ორ წელზე ნაკლები გვაქვს. ეს რთული ბრძოლა იქნება, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია გავიმარჯვოთ, თუ პირველ ადგილზე დავაყენებთ ბრიტანელი ხალხის სიკეთეს. ვერთვები ამ კამპანიაში, რადგან შემიძლია ვიყო ლიდერი და მივიღო მკაცრი გადაწყვეტილებები", - წერს ტრასი.
ლიზ ტრასმა პირობა დადო, რომ გამარჯვების შემთხვევაში, როგორც პრემიერ-მინისტრი, შეამცირებს საგადასახადო ტვირთს, გააუქმებს სოციალური დაზღვევის ღირებულების ზრდას და შეამცირებს ტარიფებს ბიზნესისთვის.
კონსერვატიული პარტიის ლიდერისა და პრემიერ-მინისტრის თანამდებობის დასაკავებელ რბოლაში მონაწილეობის სურვილი 11-მა ადამიანმა გამოთქვა. ლიზ ტრასი კონსერვატორთა რიგებში მაღალი პოპულარობით სარგებლობს. ის არის მინისტრთა კაბინეტის ყველაზე ხანგრძლივი წევრი, მას ეკავა თანამდებობები პრემიერ-მინისტრ დევიდ კამერონის, ტერეზა მეისა და ბორის ჯონსონის მთავრობებში.
შეგახსენებთ, 7 ივლისს ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა კონსერვატიული პარტიის ლიდერის თანამდებობა დატოვა. ჯონსონი პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შესრულებას განაგრძობს, ვიდრე კონსერვატიული პარტია ახალ ლიდერს არ აირჩევს.
უახლოეს დღეებში ცნობილი გახდება წესები და გრაფიკი, რომლის მიხედვითაც შეირჩევა პარტიის ახალი ლიდერი.
კონსერვატიული პარტიის ლიდერის პოსტზე ნომინირებისთვის აუცილებელია 8 თანაპარტიელის მხარდაჭერა. კენჭისყრის პირველი რაუნდი დეპუტატებს შორის ჩატარდება და მეორე ტურში ის გავა, ვინც ხმების 5%-ს მაინც დააგროვებს (ანუ 18 დეპუტატის მხარდაჭერა ექნება).
მეორე ტურის გადასალახად უკვე 36 დეპუტატის მხარდაჭერა იქნება საჭირო. ყოველ შემდგომ რაუნდში ის კანდიდატი გამოეთიშება რბოლას, ვისაც ყველაზე ნაკლები ხმა ექნება და ასე, სანამ ორი კანდიდატი არ დარჩება. ამ ორს შორის არჩევანს კონსერვატიული პარტიის წევრები გააკეთებენ ფოსტის საშუალებით. გამარჯვებული გახდება პარტიის ლიდერი და შემდგომ ბრიტანეთის მთავრობის მეთაური.