უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი უახლოეს მომავალში გამოაცხადებს რეფორმის თაობაზე, რომელიც მინისტრთა კაბინეტში ცვლილებებსა და სამინისტროთა რაოდენობის შემცირებას მოიცავს. ამის შესახებ სააგენტო Bloomberg-ი წყაროებზე დაყრდნობით იტყობინება.
გამოცემის ცნობით, ამ გზით ზელენსკი შეეცდება აღმოფხვრას კორუფცია და შეამციროს გადაჭარბებული ხარჯები სამთავრობო უწყებებში.
რეფორმის ფარგლებში, როგორც Bloomberg-ის წყაროები ამბობენ, სამინისტროების რაოდენობა 20-დან 12-მდე შემცირდება. მოელიან, რომ ევროინტეგრაციის საკითხები საგარეო საქმეთა სამინისტროს გადაეცემა. დარჩება თუ არა პოსტზე მოქმედი საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება, უცნობია.
9 ივლისს, ერისადმი ვიდეომიმართვაში ზელენსკიმ უახლოეს მომავალში "მნიშვნელოვანი ამბები" დაანონსა. იმავე დღეს, მან თანამდებობიდან გაათავისუფლა უკრაინის ელჩები გერმანიაში, უნგრეთში, ჩეხეთსა და ინდოეთში.
კორუფციის აღმოფხვრა და კანონის უზენაესობის გაძლიერება არის ერთ-ერთი მთავარი პრინციპი, რომელიც ჩამოყალიბებულია უკრაინის ომის შემდგომი აღდგენის პრინციპებისა და პრიორიტეტების შესახებ დეკლარაციაში. დოკუმენტს ხელი 5 ივლისს შვეიცარიაში, ლუგანოში მოეწერა.