შვეიცარიაში, ლუგანოში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაზე, ათობით სახელმწიფო გამოვიდა დაპირებით, რომ დაეხმარებიან უკრაინას ხანგრძლივი და ძვირადღირებული აღდგენითი პროცესის განმავლობაში.
ამასთან, სახელმწიფოთა წარმომადგენლებმა ხაზი გაუსვეს უკრაინაში ფართომასშტაბიანი რეფორმების აუცილებლობას, ისევე როგორც გამჭვირვალობის გაზრდისა და კორუფციასთან ბრძოლის მნიშვნელობას.
5 ივლისს, ორდღიანი კონფერენეციის მიწურულს, 40-მდე ქვეყნის ლიდერმა ხელი მოაწერა "ლუგანოს დეკლარაციას", რომელიც განსაზღვრავს უკრაინის რეკონსტრუქციის პრინციპებს.
შვეიცარიის პრეზიდენტმა ინიაციო კასისმა, რომელიც კონფერენციას უკრაინასთან ერთად თანათავმჯდომარეობდა, "ლუგანოს დეკლარაციას" უწოდა "საკვანძო მნიშვნელობის პირველი ნაბიჯი უკრაინის აღდგენის გრძელ გზაზე".
"ამან უკრაინელ ხალხს უნდა მისცეს იმედი და რწმენა, რომ ისინი არ არიან მარტო, რადგან უკრაინის მდგრადი აღდგენა საჭიროებს აღორძინებას, მდგრადობას და ინსტიტუტების განახლებას, მისი მომავლის შესაფერისად", - აღნიშნა კასისმა.
თავის მხრივ, უკრაინის პრემიერ-მინისტრმა დენის შმიგალმა განაცხადა, რომ მისი ქვეყნის აღდგენა, 24 თებერვალს რუსეთის შეჭრის შემდეგ, მინიმუმ 750 მილიარდი დოლარი დაჯდება.
შმიგალმა "ლუგანოს დეკლარაციას" ხანგრძლივი პროცესის დასაწყისი უწოდა.
"ჩვენ უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, რათა რაც განადგურდა, იმაზე უკეთესად ვაქციოთ, ვიდრე იყო", - ხაზგასმით აღნიშნა მან.
ლუგანოს დეკლარაცია
დეკლარაციაში ნათქვამია, რომ დოკუმენტის ხელმომწერები სრულად უჭერენ მხარს უკრაინის რეკონსტრუქციას, ისევე როგორც უკრაინის ევროპულ პერსპექტივას.
დეკლარაციის ხელმომწერები აღნიშნავენ, რომ უკრაინას მოუწევს ინტენსიური ძალისხმევის გაწევა რეფორმებისა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის თვალსაზრისით.
"აღდგენის პროცესი უნდა იყოს გამჭვირვალე და უკრაინელი ხალხის მიმართ ანგარიშვალდებულებით განმსჭვალული", - ნათქვამია დეკლარაციაში.
დოკუმენტი ასევე ხაზს უსვამს უკრაინაში გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფის მნიშვნელობას.
ლუგანოს კონფერენციის მონაწილეებმა დაგმეს რუსული აგრესია უკრაინაში და მოუწოდეს კრემლს სასწრაფოდ გაიყვანოს თავისი ჯარები ქვეყნიდან.