პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ოპოზიციის იმ ნაწილთან დაკავშირებით, რომელიც შალვა პაპუაშვილთან შეხვედრას არ ესწრება, აცხადებს, რომ აღნიშნული პოლიტიკური ძალები დაინტერესებული არიან, საქართველომ კანდიდატის სტატუსი არ მიიღოს.
„კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ეს პოლიტიკური ძალები არიან ორგანულად დაინტერესებული იმით, რომ საქართველომ არ მიიღოს კანდიდატის სტატუსი, მათ ეშინიათ, რომ ამით ხელისუფლება დაიწერს ქულებს, ბუნებრივია, ეს ასეც იქნება და აქედან გამომდინარე ყველაფერს გააკეთებენ, რათა ქვეყანამ არ მიიღოს კანდიდატის სტატუსი. ამისთვის მათ ესახებათ კონკრეტული გზა – ეს არის პროცესის მაქსიმალურად ჩაშლა და დღევანდელი დღეც ამის გამოხატულებაა. სწორედ იმიტომ არ ესწრებიან დღევანდელ შეხვედრას, რომ პროცესს მაქსიმალურად შეუქმნან დაბრკოლებები და ასეთ დროს ისინი ფიქრობენ, რომ ხელი შეეშლება ქვეყნის მიერ კანდიდატის სტატუსის მიღებას.
ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ საპირისპირო მიმართულებით, რადგან ჩვენ გვაქვს საპირისპირო ინტერესი, მათ შორის, რა თქმა უნდა, პირველ რიგში ხელისუფლება არის სუბიექტურად დაინტერესებული, რომ ქვეყანამ მიიღოს კანდიდატის სტატუსი, ასევე ჩვენ გვამოძრავებს ობიექტური ინტერესი, ჩვენი ქვეყნისთვის გვინდა კანდიდატის სტატუსი“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.