"ქრისტიან-დემოკრატები" პარლამენტში ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის მოწვევას ითხოვენ. ეს განცხადება "ქრისტიან-დემოკრატების" წარმომადგენელმა ლევან ვეფხვაძემ მას შემდეგ გააკეთა, რაც სესიაზე საკითხი ჯონდი ბაღათურიამ დასვა და აღნიშნა, რომ ხდება დევნილების საცხოვრებელი შენობებიდან გამოყრა.
ბაღათურიას ამ განცხადებას უმრავლესობის მხრიდან საპროტესტო განცხადებები მოყვა. მათი თქმით, აღნიშნული ფაქტი სიმართლეს არ შეესაბამება.
ვეფხვაძე აცხადებს, რომ უმრავლესობის ასეთი პოზიცია მიუღებელია, რადგან "ყველამ კარგად იცის, რომ ბოლო დროს დევნილების გამოყრამ მართლაც მასობრივი ხასიათი მიიღო".
"ჩვენი სამართლადამცავები რატომღაც არაპროპორციულ ძალას იყენებენ სწორედ ქალების წინააღმდეგ. ეს ყველამ კარგად იცით და მიკვირს თქვენი რეაქცია, თითქოს პირველად გაიგეთ. პრობლემა ის არის, რომ აგვისტოს ომის, დროს როდესაც დევნილებს შენობებში ასახლებდნენ აფხაზეთიდან დევნილმა მოსახლეობამაც ვისაც საცხოვრებელი ფართი არ გააჩნდა დაიწყეს შენობებში შესახლება და ახლა მათი გამოყრა მიმდინარეობს", _ აცხადებს ვეფხვაძე და დასძენს, რომ ხდება სწორედ აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობის გამოყრა, რომლებმაც საცხოვრებელი ადგილები შარშან აგვისტოს ომის შემდეგ შიდა ქართლიდან დევნილებთან ერთად დაიკავეს. ხელისუფლების ამ ქმედებას კი ლევან ვეფხვაძე უსამართლობად მიიჩნევს.
"არ შეიძლება დევნილების კატეგორიებად დაყოფა. ეს დვნილები შევარდნაძის დევნილები არიან და ისინი სააკაშვილის დევნილები და მოხდეს მათი ამ ნიშნით გარჩევა. აუცილებელია ამ ადამიანების მიმართ გამოვიჩინოთ ყურადღება",- აცხადებს ვეფხვაძე და მოითხოვს, რომ პარლამენტში მოწვეული იქნას ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი, რომელიც დეპუტატებს აღნიშნულთან დაკავშირებით მიაწვდის ინფორმაციას თუ ხელისუფლება ამ პრობლემის მოგვარებას როგორ აპირებს. აღსანიშნავია რომ ვეფხვაძის ამ მოთხოვნას არც პარლამენტის თავმჯდომარის და არც უმრავლესობის მხრიდან კომენტარი არ მოყოლია.