მთავრობა ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ კურორტი განვითარდეს. კურორტთან ინფრასტრუქტურა იყო კეთილმოწყობილი. ჩვენი მთავრობის მიერ განხორციელდა უკვე მნიშვნელოვანი სარეკონსტრუქციო სამუშაოები, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა წყალტუბოში, საინვესტიციო პროექტის - „წყალტუბოს ახალი სიცოცხლე“ - პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, განხორციელებული მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტები პოზიტიურად იმოქმედებს როგორც მუნიციპალიტეტის, ასევე მთლიანი რეგიონის ეკონომიკასა და ხალხის კეთილდღეობაზე.
„მთავრობა ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ კურორტი განვითარდეს. კურორტთან ინფრასტრუქტურა იყო კეთილმოწყობილი. ჩვენი მთავრობის მიერ განხორციელდა უკვე მნიშვნელოვანი სარეკონსტრუქციო სამუშაოები, რომლის შედეგადაც ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის გამტარუნარიანობა ოთხჯერ გაიზარდა, ასევე სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა არის გამართული, ხოლო მოგეხსენებათ, აღმოსავლეთ-დასავლეთის ცენტრალური ავტომაგისტრალის ასე ვთქვათ სიახლოვე დამატებითი უპირატესობა იქნება წყალტუბოსთვის. ეს ყველაფერი ერთად, რაც მთავარია, წყალტუბოს უნიკალურობა, მისი ბუნება, წყალი, ეს რესურსები ძალიან დიდ უპირატესობას ანიჭებს ამ კურორტს. 2019 წელს წყალტუბოს მხოლოდ 25 000 ვიზიტორი ეწვია და ჩვენი ასე ვთქვათ ვარაუდით ეს მაჩვენებელი რამდენიმე წელში გაათმაგდება. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი პოზიტიურად იმოქმედებს როგორც მუნიციპალიტეტის, ასევე მთლიანი რეგიონის ეკონომიკაზე და ჩვენი ხალხის კეთილდღეობაზე. საერთო ძალისხმევით, კერძო სექტორისა და მთავრობის ძალისხმევით გვაქვს ამბიცია, რომ წყალტუბო გადავაქციოთ 21-ე საუკუნის თანამედროვე, მაგრამ ამავე დროს მდიდარი ისტორიული მემკვიდრეობის მქონე კურორტად,“- აღნიშნა პრემიერმა.
ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, წყალტუბოს აქვს პოტენციალი, გახდეს მსოფლიო დონის სპა კურორტი, როგორიცაა ბადენ-ბადენი, კარლოვი ვარი.
"ახლა ჩვენ უკვე გამოგვაქვს გასაყიდად 14 სანატორიუმი, რომელთა ღირებულება დღევანდელი შეფასებით, დაახლოებით 50 მლნ ლარს შეადგენს და ჩვენი მოლოდინია, რომ დაახლოებით 500 მლნ ლარის ინვესტირება განხორციელდება, 500 მლნ ლარი წყალტუბოს აღსადგენად. ეს იქნება კერძო ინვესტიცია. ამას გარდა, სახელმწიფო იღებს ვალდებულებას, რომ დამატებით ათეულობით მლნ ლარის ინვესტირება მოახდინოს, რათა წყალტუბო გახდეს თანამედროვე, მსოფლიო დონის სპა კურორტი, ისეთი, როგორიც ჩვენ გვინახავს ევროპაში, იქნება ეს ბადენ-ბადენი, კარლოვი-ვარი, თუ სხვა. წყალტუბოს აქვს პოტენციალი, გახდეს მართლაც ევროპული დონის, მსოფლიო დონის სპა კურორტი“, – განაცხადა პრემიერმა.