ევროპის საინვესტიციო ბანკი (EIB) უკრაინის რეკონსტრუქციისთვის 100 მილიარდი ევროს მოზიდვას აპირებს.
სააგენტო Reuters-ის ცნობით, ევროკავშირი-უკრაინის ნდობის ფონდი შეეცდება შეაგროვოს პირველადი 20 მილიარდი ევრო ევროკავშირის ქვეყნებიდან და ევროკავშირის ბიუჯეტიდან გრანტების, სესხებისა და გარანტიების სახით.
ბანკის მიერ მომზადებულ დოკუმენტში, რომელიც Reuters-მა წაიკითხა, აღნიშნულია, რომ სწორედ გარანტიები გამოიწვევს პროექტების მოზიდვას, რომელთა ღირებულება დაახლოებით 100 მილიარდი ევროა, რაც უკრაინის გადაუდებელი საჭიროების დაახლოებით ნახევარს შეადგენს.
როგორც იუწყებიან, ევროპის საინვესტიციო ბანკის ამ წინადადებას, სავარაუდოდ, განიხილავენ 4-5 ივლისს, შვეიცარიის ქალაქ ლუგანოში მიმდინარე კონფერენციაზე, რომელიც უკრაინის რეკონსტრუქციას ეხება.
ბანკი გამოდის წინადადებით, შეიქმნას ისეთივე ფონდი, როგორიც პანდემიის დროს დაზარალებული ეკონომიკების აღსადგენად გამოიყენებოდა, მცირე და საშუალო ბიზნესის დაფინანსების გარანტირებითვის. იგი ითვალისწინებს 25 მილიარდი ევროს გამოყოფას, რამაც შესაძლოა, 200 მილიარდ ევრომდე მობილიზება გამოიწვიოს.
უკვე ნაცადი მექანიზმის გამოყენება ნიშნავს იმას, რომ იგი უფრო სწრაფად ამოქმედდება და პირველი საინვესტიციო პროექტის დამტკიცება წლის ბოლომდე იქნება შესაძლებელი.
ნდობის ფონდს შეუძლია წვლილი შეიტანოს ხიდების აღდგენაში, წყალმომარაგებისა და სანიტარული სისტემების რეკონსტრუქციაში, განსაკუთრებით ქალაქებში, რომელთა მოსახლეობა გაიზარდა უკრაინის სხვა ნაწილებიდან მიგრაციის გამო, 24 თებერვალს რუსეთის შეჭრის შემდეგ.
ფონდი ასევე მიზნად დაისახავს კერძო ბიზნესის სტიმულირებას, რომლებიც, სავარაუდოდ, უკრაინაში ინვესტიციების დაფინანსებას ძალიან სარისკოდ განიხილავენ.
ევროპის საინვესტიციო ბანკის წინანადებას თავდაპირველად ევროკომისია უნდა დაეთანხმოს, შემდეგ ის უნდა დაამტკიცოს ევროკავშირის ქვეყნების უმეტესობამ. ამის შემდეგ ევროკავშირის ქვეყნები ინდივიდუალურად გადაწყვეტენ, განახორციელებენ თუ არა ფონდში შემოწირულობას.
ევროპის საინვესტიციო ბანკი წარმოადგენს ევროკავშირის ბანკს, რომელიც ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მფლობელობაშია.