დიდი ბრიტანეთი რუსეთის აქტივების კონფისკაციას და და უკრაინისთვის გადაცემას განიხილავს. აღნიშნულის თაობაზე ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მდივანმა ლიზ ტრასმა განაცხადა.
ლიზ ტრასის განცხადებით, იგი მხარს უჭერს ინიციატივას, რომლის თანახმადაც ლონდონს შეეძლება ბრიტანეთში გაყინული რუსული აქტივების კონფისკაცია და რუსეთის აგრესიული ომისგან დაზარალებული უკრაინისთვის გადაცემა.
ტრასის თქმით, ამ ინიციატივის სისრულეში მოსაყვანად, შესაძლოა, კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანა გახდეს საჭირო.
"მხარს ვუჭერ ამ იდეას და მას ძალიან სერიოზულად განვიხილავთ. კანადაში ფაქტობრივად უკვე მიიღეს კანონი. ეს არის საკითხი, რომელზეც ჩვენ ვმუშაობთ შინაგან საქმეთა სამინისტროსთან და ხაზინის დეპარტამენტთან ერთად. კონცეფციას ვეთანხმები, უბრალოდ საჭიროა დეტალების განხილვა", - თქვა ტრასმა.
მანამდე, კანადა მიემხრო რუსული აქტივების კონფისკაციას და უკრაინის რეკონსტრუქციის მიზნით კიევისთვის გადაცემას.
დღეს, 4 ივლისს შვეიცარიის ქალაქ ლუგანოში დაიწყო უკრაინის რეკონსტრუქციის შესახებ სპეციალური კონფერენცია - Ukraine Receovery Conference, რომელზეც კიევი თავის გეგმას წარადგენს.