უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, უკრაინის არმია იძულებულნი გახდა, დაეტოვებინა თავისი პოზიციები ლისიჩანსკში. გენშტაბის განცხადება ცოტა ხნის წინ გავრცელდა სოციალურ ქსელში.
"ლისიჩანსკისთვის მძიმე ბრძოლების შემდეგ, უკრაინის თავდაცვის ძალები იძულებული გახდნენ უკან დაეხიათ დაკავებული პოზიციებიდან და ხაზებიდან.
რუსული საოკუპაციო ჯარის უპირატესობის ფონზე არტილერიის, ავიაციის, აქტიური საცეცხლე სისტემების, იარაღისა და პერსონალის მიმართულებით, ქალაქის დაცვის გაგრძელება სავალალო შედეგებამდე მიგვიყვანდა. უკრაინელი დამცველების სიცოცხლის გადასარჩენად, გაყვანის გადაწყვეტილება იქნა მიღებული.
ჩვენ ვაგრძელებთ ბრძოლას. სამწუხაროდ, ფოლადის ნება და პატრიოტიზმი არ არის საკმარისი წარმატებისთვის - ჩვენ გვჭირდება მატერიალური და ტექნიკური რესურსები. ლუგანსკის ოლქის და ჩვენი ქვეყნის სხვა რეგიონების დამცველები გმირულად ასრულებენ თავიანთ სამოქალაქო და სამხედრო მოვალეობებს.
ჩვენ დავბრუნდებით და აუცილებლად გავიმარჯვებთ!", - ნათქვამია გენერალური შტაბის განცხადებაში.