თბილისში, პარლამენტის წინ აქცია "შინ ევროპისკენ" დაიწყო.
რუსთაველის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა უკვე გადაკეტილია.
როგორც აქციის ორგანიზატორები იტყობინებიან, დემონსტრანტები რუსთაველის გამზირზე მთელი ღამის განმავლობაში დარჩენას გეგმავენ.
თბილისში დაგეგმილ აქციას რეგიონებიდან უერთდებიან. აჭარა, კახეთი, იმერეთი, სამეგრელო, გურია - სხვადასხვა ქალაქიდან თბილისის მიმართულებით მოქალაქეები უკვე გამოემართნენ.
აქციის მთავარი მოთხოვნაა, გადადგეს ირაკლი ღარიბაშვილი და ეროვნული თანხმობით, შეიქმნას მთავრობა, რომელიც ევროკავშირის რეკომენდაციის 12-ვე პუნქტს შეასრულებს. ისინი ხელისუფლებას ვადას დღეს ღამის 12 საათამდე აძლევენ.
დღევანდელი აქცია დაანონსდა 24 ივნისს, როცა რუსთაველზე, პარლამენტის წინ შეკრებილმა აქციის ორგანიზატორებმა ხელისუფლებას, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომისა და ტექნიკური მთავრობის შესაქმნელად ერთკვირიანი ვადა მისცეს.