უკრაინის მოსაზღვრე ბელგოროდის ოლქის გუბერნატორი ვიაჩესლავ გლადკოვი აცხადებს, რომ ბელგოროდში აფეთქებები იყო. მისი თქმით, სავარაუდოდ, საჰაერო თავდაცვის სისტემამ იმუშავა. ამის შესახებ გლადკოვი ტელეგრამ-არხზე წერს, თუმცა არ აზუსტებს რა მოხდა.
გლადკოვმა თავდაპირველად განაცხადა, რომ დაშავდა სამი ადამიანი, რომლებიც კლინიკაში გადაიყვანეს. მოგვიანებით კი თქვა, რომ დაიღუპა სამი და დაშავდა ოთხი ადამიანი. გლადკოვის თქმით, დაშავებულთა შორის არის მძიმედ დაჭრილი მამაკაცი და 10 წლის ბავშვი.
მისივე თქმით, ნაწილობრივ დაინგრა 11 საცხოვრებელი კორპუსი. დაზიანდა 39 კერძო საცხოვრებელი სახლი, მათ შორის 5 სრულად დაინგრა.
ამასთან, სოციალურ ქსელებში გავრცელდა ვარაუდი საჰაერო თავდაცვის წვრთნების, ასევე უკრაინის ტერიტორიიდან დაბომბვის შესახებ.
რუსეთის ფედერაციის ბელგოროდის ოლქი უკრაინის ლუჰანსკის, ხარკოვისა და სუმის ოლქებს ესაზღვრება.