უკრაინის ხელისუფლებამ მოსთხოვა თურქეთის ხელისუფლებას, დააკავოს უკრაინული მარცვლეულით დატვირთული რუსული დროშის ქვეშ მცურავი ხომალდი.
სააგენტო Reuters-ის ცნობით, რუსული დროშის ქვეშ მცურავ ხომალდ Zhibek Zholy-ს უკრაინული მარცვლეული გადაჰქონდა რუსეთის მიერ ოკუპირებული პორტი ბერდიანსკიდან.
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელის თქმით, ბერდიანსკში გემზე დაიტვირთა უკრაინის კუთვნილი დაახლოებით 4,500 ტონა მარცვლეული.
30 ივნისით დათარიღებულ წერილში, უკრაინის გენერალური პროკურატურა მიმართავს თურქეთის იუსტიციის სამინისტროს, რომ ხომადლდი "მონაწილეობდა ბერდიანსკიდან უკრაინული მარცვლეულის უკანონო ექსპორტში".
უკრაინული მხარე ანკარას მოუწოდებს, განახორციელოს საზღვაო ხომალდის ინსპექტირება და "ამოიღონ მარცვლეულის ნიმუშები ექსპერტიზის ჩასატარებლად".
თურქეთის იუსტიციის სამინისტრომ, მედიის თხოვნაზე კომენტარი გაეკეთებინა, უარი განაცხადა.
გემი Zhibek Zholy ყაზახურ კომპანია KTZ Express Shipping-ს ეკუთვნის. მათი განცხადებით, 2021 წლის ოქტომბერში მათ გემი რუსულ „გრინლაინს“ გადასცეს იმ პირობებით, რომ ხელშეკრულების მოქმედების ვადებში "გრინლაინი" სანქციების ქვეშ არ აღმოჩნდებოდა.
უკრაინაში რუსეთის სასტიკმა შეჭრამ შავი ზღვის გავლით უკრაინული ხორბლის ექსპორტი შეაჩერა, რამაც გლობალური სასურსათო დეფიციტი გამოიწვია.
უკრაინა და დასავლეთის ქვეყნები რუსეთს უკრაინის პორტებიდან სურსათის ექსპორტის ბლოკირებაში ადანაშაულებენ. მსოფლიოს მრავალი ქვეყანა უკრაინულ მარცვლეულზეა დამოკიდებული, რომლის გარეშეც მათ შიმშილობა ემუქრებათ.
რუსეთი აცხადებს, რომ პორტებიდან ექსპორტის შეფერხება, ერთი მხრივ, უკრაინის ხელისუფლების მიერ შავი ზღვის დანაღვმისა და მეორე მხრივ, საერთაშორისო სანქციების ბრალია.
ფოტო: Zhibek Zholy შავ ზღვაში, თურქეთი, კარასუს პორტი