არჩევანი დღეს არის მარტივი, ის, ვისაც უნდა ევროპა, უნდა შემოგვიერთდეს ჩვენ ამ წამოწყებაში, ვინც ჩვენ არ გვიერთდება, თავისთავად ის ამ ევროკომისიის წინადადებებზე, როგორც ჩანს, რომ უარს აცხადებს, - ამბობს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი "ქართული ოცნების" გეგმასთან დაკავშირებით, რომელიც ევროკავშირის 12 პირობის შესრულებას ეხება.
პაპუაშვილის განცხადებით, მმართველმა პარტიამ კონკრეტული გეგმა წარადგინა, რომელიც დეტალურად არის გაწერილი, როგორც პასუხისმგებლობის კუთხით, ისე დროში გრაფიკის კუთხით.
"ახლა საკითხი დგას ასე, ვის სურს ევროპა, რომელიც გულისხმობს თანამშრომლობას და თანხმობას. სწორედ, აქეთ მოგვიწოდეს ჩვენ, მათ შორის ევროკომისიამ, რომელიც საუბრობს დეპოლარიზაციაზე, ევროპამ, რომელიც გულისხმობს კონსტრუქციულ კამათს, მაგრამ ამავე დროის ამ დემოკრატიული კამათის ფარგლებში დარჩენას და თანხმობისკენ სვლას. ეს არის ჩვენი ნაბიჯი და შეთავაზება...
ჩვენ ჩვენი პასუხისმგებლობით ვიმოქმედებთ, ვისაც აქვს სურვილი, რომ იაროს ევროპისკენ ჩვენ უნდა შემოგვიერთდეს. ასეთი მცდელობა „ქართულ ოცნებას“ არაერთხელ ჰქონია, რომ შეეთავაზებინა კონსტრუქციული დიალოგი, მათ შორის რიტორიკის კუთხითაც, რომ შერბილებულიყო ის მკაცრი რიტორიკა, ხანდახან აგრესიული რიტორიკაც კი, რომელიც არის ქართულ პოლიტიკაში. ეს გახლავთ კიდევ ერთი მცდელობა, ამჯერად უკვე ევროკავშირის მოწოდების ფონზე, რომ ჩვენ ჩვენი ნაბიჯი გადავდგათ. არჩევანი დღეს არის მარტივი, ის, ვისაც უნდა ევროპა, უნდა შემოგვიერთდეს ჩვენ ამ წამოწყებაში, ვინც ჩვენ არ გვიერთდება, თავისთავად ის ამ ევროკომისიის წინადადებებზე, როგორც ჩანს, რომ უარს აცხადებს. ამიტომ, პლატფორმა არის პარლამენტი, თემები არის განსაზღვრული, ვადები არის განსაზღვრული ვისაც სურს ევროპა, მოვიდეს და იმუშავოს", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.