ჩვენ ვართ ხელისუფლებაში და შესაბამისად, ვალდებული ვართ, გვქონდეს გეგმა, ხედვა და ჩვენ გუშინ გეგმაც წარვადგინეთ და ხედვაც, - ამის შესახებ საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა.
მისივე თქმით, პარტია „ქართულმა ოცნებამ“ გუშინ ევროკავშირის მიერ დადგენილი 12 პუნქტის შესრულების გეგმა წარადგინა.
„ჩვენ ვართ ხელისუფლებაში და შესაბამისად, ვალდებული ვართ, გვქონდეს გეგმა, ხედვა და ჩვენ გუშინ გეგმაც წარვადგინეთ და ხედვაც. ავუხსენით საზოგადოებას, როგორ ვგეგმავთ, რომ ის პუნქტები, რაც ევროკავშირმა დაადგინა, რათა წლის ბოლოს სტატუსი მოგვენიჭოს, შესრულდეს. ჩვენ ასევე გუშინ განვაცხადეთ, რომ ასევე ამ პუნქტების შესრულების პროცესში ყველა მხარის ჩართულობა არის უმნიშვნელოვანესი, თუმცა ჩვენ გვესმის, რომ ზოგიერთი ოპონენტი უარს აცხადებს მონაწილეობაზე. კითხვა თუ ისმის, ასე რატომ აკეთებენ, პასუხი ალბათ არის ერთადერთი, რომ მათ საერთოდ არც სურთ ევროპა და სურთ უბრალოდ ხელისუფლების უკანონო გზით ჩამოცილება. ხელისუფლებიდან და პოლიტიკური პროცესებიდან ეს არის მათი მთავარი გეგმა, მიზანი და არა ის, რომ ქვეყანა ატარონ ევროპულ გზაზე. ამიტომაც გაისტუმრა ისინი ხელისუფლებიდან 2012 წელს ამომრჩეველმა“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.