3 ივლისის აქცია ვერაფერს მოიტანს, მინდა, ყველას ვუთხრა, ვისაც კარზე უკაკუნებენ და ატყუებენ, რომ ეს ევროპისკენ მიმავალ გზაზე მხარდაჭერის აქციაა, ნურავის გამოაყენებინებთ თავს შავბნელი მიზნებისთვის, – ამის შესახებ საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა.
წულუკიანის თქმით, ამ ხალხმა არ უნდა მიიღოს მონაწილეობა საკუთარი ქვეყნის დესტაბილიზაციის მცდელობაში.
„დარწმუნებული ვართ, რომ 3 ივლისის აქცია ვერაფერს მოიტანს. მინდა, ყველა იმ ადამიანს ვუთხრა, რისთვისაც აწუხებენ, კარზე უკაკუნებენ, სოფელში აკითხავენ და ატყუებენ, ჩამოდი და ეს ევროპისაკენ მიმავალ გზაზე მხარდაჭერის აქციაა, რომ ეს არის მტკნარი სიცრუე. ნურავის გამოაყენებინებთ თავს შავბნელი მიზნებისთვის, რადგან ეს ქვეყანა, ამას ვამბობ როგორც მთავრობის წარმომადგენელი, გადის ძალიან რთულ გზას. ძალიან დიდი სიფრთხილე, ყურადღება გვმართებს, დაკვირვება იმისთვის, რომ გაგრძელდეს ჩვენს ქვეყანაში ის, რაც არის რეალობა, ანუ სიმშვიდე, სტაბილურობა, მშვიდობა. რასაც ახლა ვამბობთ, რასაც პრემიერ-მინისტრი მუდმივად უმეორებს ჩვენს ხალხს და ამშვიდებს, რომ მთავრობა აკეთებს ყველაფერს, რათა შენარჩუნდეს სიმშვიდე, ეს რომ არ არის უბრალოდ სიტყვები, ამისთვის საკმარისია, რომ ან ინტერნეტის, ან ტელევიზიების მეშვეობით მოუსმინოთ სხვადასხვა საერთაშორისო არხს და ნახავთ, რომ მსოფლიოში არის გარკვეული მღელვარებები, რბილად რომ ვთქვა, ხოლო უკრაინაში ძალიან დიდი უბედურება ტრიალებს, არის ომი. არც ერთი სხვა ქვეყანა არ არის დამშვიდებული, ამიტომაც ყველანაირი ტიპის ასეთი უპასუხისმგებლო აქცია, რომ მოატყუო ხალხს, თითქოს ეს აქცია ევროპის მხარდამჭერი აქციაა, არის ტყუილი, ამიტომაც ნუ შეწუხდებით და ნუ მიიღებთ მონაწილეობას საკუთარი ქვეყნის დესტაბილიზაციის მცდელობაში.
3 ივლისს რაც არ უნდა გამოვიდნენ ხელმოცარული პოეტები, ასე ვთქვათ, წინა ხელისუფლების ნომენკლატურა იყვნენ, ხელმოცარული მხატვრები, გაპოლიტიკოსებული შემოქმედი ადამიანები, ვითომ პოლიტიკოსები, რომლებმაც ვერ გაიგეს, რომ ხალხის მხარდაჭერა არ აქვთ და იყვირონ ან იმღერონ, რასაკვირველია, ეს შედეგს ვერ მოიტანს. ჩვენ ვართ მოწოდების სიმაღლეზე, რათა ჩვენი ერისთვის, ბავშვების მომავლისთვის უზრუნველვყოთ ქვეყანაში სიმშვიდე და სტაბილურობა“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.
კითხვაზე, რომ დაპირისპირებები, რომლებიც რეგიონებშიც მიმდინარეობს და ასევე დაპირისპირება გუშინ სტუდენტებს შორისაც მოხდა, რამ გამოიწვია, თეა წულუკიანმა განაცხადა:
„ამაზე რომ გიპასუხოთ, 90-იანი წლებიდან დღემდე საქართველოს ისტორია უნდა მოგიყვეთ. მგონი, გასაგებია, რომ ყველაფერს აკეთებს ჩვენი მოწინააღმდეგე პოლიტიკური ძალა, რათა საზოგადოება კიდევ უფრო მეტად დახლიჩოს, გააღიზიანოს, დააპირისპიროს ერთმანეთს სხვადასხვა ჯგუფი, იქნება ეს სოფლად, ქალაქად, უნივერსიტეტში, სხვაგან, თუ ამერიკის საელჩოს მიღებაზე და ამით მოითბოს ხელი. ეს ხდება, მეტი არაფერი. ამიტომ ყველანი უნდა ვიყოთ ფრთხილად და მოვძებნოთ ყველა ის საკითხი, რომელიც გვაერთიანებს. მაგალითად, ქართული კულტურა, ქართული მრავალხმიანობა, ქორეოგრაფია, პოეზია და ხელოვნება ან სხვა რამ, ისეთი, რაც გვაერთიანებს და არა გვაღიზიანებს, რადგან ამ ძალებს მოსწონთ, როდესაც ჩვენ ერთმანეთს ვუპირისპირდებით და ამის საფუძველი მათ არ უნდა მივცეთ“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.