ეს იყო პროპორციული, ადეკვატური რეაქცია და პასუხი უბინძურეს პროვოკაციაზე, - ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა „ტვ პირველის“ დამფუძნებელ ვატო წერეთელსა და მას შორის მომხდარ ინციდენტზე საუბრისას განაცხადა.
დეპუტატი წერეთელს მოუწოდებს, გამოვიდეს საჯაროდ და თქვას რა მოხდა.
„გასაჯაროვდეს ყველა კადრი, ყველას გადაადგილება, ყველა ტრაექტორია. იქ იყვნენ ადამიანები, რომლებმაც დაინახეს როგორ მომიახლოვდა, როგორ გამიყვანა გვერდით და ა.შ გასაჯაროვდეს ყველაფერი, მზად ვარ ამისთვის. ამას უნდა ჰქონდეს უმკაცრესი რეაგირება, მე ამ საკითხს პრინციპულად დავსვამ. ეს არ იყო კრიტიკა, ეს არ იყო უბრალო მოსვლა და პროვოცირება, ეს იყო ყოველგვარ ზღვარს მიღმა, რომელსაც არავინ მოითმენდა, რაც ამ ადამიანმა იკადრა და ეყოს ადამიანობა და გამოვიდეს და თქვას, რა მოხდა“, - განაცხადა ოხანაშვილმა.
ოხანაშვილის მტკიცებით, მან წერეთელთან მიმართებით, პროპორციულად იმოქმედა.
"ეს იყო პროპორციული პასუხი. ჩემი მხრიდან არ მომხდარა არც ღირსების შემლახველი და არც აბსოლუტურად არაადეკვატური პასუხი, ეს იყო პროპორციული, ადეკვატური რეაქცია და პასუხი უბინძურეს პროვოკაციაზე.
ეს ყველაფერი წუთებში ხდება და მე მას მოვთხოვე პასუხი, ეს ბინძური სიტყვები, უბინძურესი საქციელი რატომ გააკეთა, რაზეც მან გააგრძელა და გაგრძელებაზე მიიღო ადეკვატური, პროპორციული, არაზღვარგადასული პასუხი. თქვენთან ვერ ვისაუბრებ იმ საკითხებზე, რაც მან იკადრა და აღარ შევალ დეტალებში. კადრებში ყველაფერი ჩანს. ჩემი მხრიდან იყო ადეკვატური პასუხი, მე არ გავცდენილვარ საზღვრებს და ფარგლებს. მან მიიღო პროპორციული პასუხი. როდესაც ადამიანის ღირსებას ეხები, იქ გაქვს მოქმედების უფლება და მე ვიმოქმედე პროპორციულად", - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.