თურქეთის პრეზიდენტის რეჯებ ტაიპ ერდოღანის განცხადებით, ანკარას ჯერ კიდევ ხელეწიფება ფინეთისა და შვედეთის ნატოში გაწევრიანების დაბლოკვა, თუ ეს ქვეყნები არ შეასრულებენ მემორანდუმის პირობებს, რომელსაც სამმა ქვეყანამ მადრიდში მოაწერა ხელი.
აღნიშნული თაობაზე, ერდოღანმა მადრიდში ნატოს სამიტის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
"თუ სკანდინავიის ქვეყნების განაცხადს თურქეთის პარლამენტი არ დაამტკიცებს, ნატოში მიღების პროცესი არ დასრულდება. ამიტომ ფინეთმა და შვედეთმა ვალდებულებები უნდა შეასრულონ", - განაცხადა ერდოღანმა.
თურქეთის პრეზიდენტმა ყურადღება გაამახვილა "73 ტერორისტის" ექსტრადირებაზე, რისი ვალდებულებაც, მისი თქმით სტოკჰოლმა და ჰელსინკმა მადრიდში გაფორმებული მემორანდუმით აიღეს.
სააგენტო "დოიჩე ველეს" ინფორმაციით, "ტერორისტების ექსტრადირების" თაობაზე ერდოღანის განცხადებადას ცივად გამოეხმაურნენ შვედეთი და ფინეთი.
შვედეთის იუსტიციის და მიგრაციის მინისტრმა მორგან იოჰანსონმა განაცხადა, რომ თურქეთში შესაძლო ექსტრადირებაზე ნებისმიერ გადაწყვეტილებას შვედეთის დამოუკიდებელი სასამართლოები მიიღებენ.
"შვედეთში ეროვნულ კანონმდებლობას ახორციელებენ დამოუკიდებელი სასამართლოები. შვედეთის მოქალაქეები არ ექვემდებარებიან ექსტრადიციას. არამოქალაქეების ექსტრადირება შესაძლებელია სხვა ქვეყნების მოთხოვნით, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს შეესაბამება შვედეთის კანონს და ევროპულ კონვენციას", - ამბობს მინისტრი წერილობით კომენტარში, რომელსაც სააგენტო AFP ავრცელებს.
ფინეთის იუსტიციის სამინისტროს განცხადებით, თურქეთისგან "ახალი" ექსტრადიციის მოთხოვნები არ მიუღია.
თურქეთმა 29 ივნისს განაცხადა, რომ ფინეთიდან 12 პირის, ხოლო შვედეთიდან 21-ის ექსტრადირებას მოითხოვდა. მეორე დღეს ერდოღანმა "73 ტერორისტის" ექსტრადირებაზე ილაპარაკა.
ანკარის თქმით, ეს ადამიანები ან ქურთი „ბოევიკები“ არიან, ან დაჯგუფების წევრები, რომელსაც ისლამის მქადაგებელი ფეთულა გიულენი ხელმძღვანელობს, რომელსაც ერდოღანი 2016 წლის გადატრიალების მცდელობაში ადანაშაულებს.
29 ივნისს ნატომ ოფიციალურად მიიწვია შვედეთი და ფინეთი ალიანსში გასაწევრიანებლად. გაწევრიანების პროტოკოლებს ხელი უნდა მოეწეროს 5 ივლისს. ამის შემდეგ მათი რატიფიცირება ნატოს 30-ვე წევრმა ქვეყანამ უნდა მოახდინოს. ამ პროცესს შესაძლოა ექვსიდან რვა თვემდე დასჭირდეს.
28 ივნისს, მადრიდში ნატოს სამიტის ფარგლებში, თურქეთის, შვედეთისა და ფინეთის ლიდერებმა ხელი მოაწერეს 10 პუნქტიან ერთობლივ მემორანდუმს, რომლის თანახმადაც, ანკარამ მოხსნა სტოკჰოლმის და ჰელსინკის ალიანსში გაწევრიანებას ვეტო, გარკვეული პირობების სანაცვლოდ.
შეთანხმებაში აღნიშნულია, რომ სამი მხარე ჩამოაყალიბებს ერთობლივ მექანიზმს ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში თანამშრომლობის გასაძლიერებლად, ხოლო ფინეთი და შვედეთი „მიიღებენ ყველა საჭირო ნაბიჯს ამ საკითხთან დაკავშირებით შიდა კანონმდებლობის შემდგომი გამკაცრებისთვის“.