ქართველებს უსაზღვროდ ბევრი რამის გაკეთება შეუძლიათ ერთობით, როდესაც ერთიანდებიან ევრო-ატლანტიკური მომავლისთვის. მე კი გარწმუნებთ, რომ ამერიკის შეერთებული შტატები გააგრძელებს თქვენს გვერდით დგომას, - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა აშშ-ის დამოუკიდებლობისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე განაცხადა
მისი თქმით, საქართველომ დიდ პროგრესს მიაღწია დემოკრატიის მშენებლობის კუთხით ბოლო 30 წლის მანძილზე.
„ამ პერიოდის განმავლობაში ამერიკელმა ხალხმა ექვსი მილიარდის დოლარის დახმარება გაუწია საქართველოს, რადგანაც ჩვენ გვჯერა უფრო წარმატებული, უფრო დემოკრატიული და უფრო უსაფრთხო საქართველოს მომავლისა. ეს ჩანს მრავალ ინდექსში, სადაც საქართველო კარგ ადგილს იკავებს. კრიტიკად არ უნდა ჩაითვალოს, თუ ვამბობთ, რომ უფრო მეტია გასაკეთებელი, განსაკუთრებით დემოკრატიული ჩარჩოს განმტკიცების, რასაც საქართველო გულდასმით აშენებდა და თქვენ მიერ შექმნილი დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების კუთხით. ამერიკის გამოცდილება გვიჩვენებს, რომ ეს რთული სამუშაო არასოდეს მთავრდება. მას სჭირდება მტკიცე ერთგულება, რთული კომპრომისები და პოლიტიკური ნება.
ეს მოითხოვს ქვეყნის ინტერესების ვიწრო პარტიულ ინტერესებზე წინ დაყენებას და არაფრის მომტან პოლიტიკურ თამაშებზე ამაღლებას. ეს ერთ დღეში არ მიიღწევა, და არც მხოლოდ ერთი რომელიმე პარტიის მიერ დამოუკიდებლად.
წარმატება დამოკიდებულია, იმაზე თუ რამდენად გაამართლებთ საქართველოს დევიზს „ ძალა ერთობაშია“. ქართველებს უსაზღვროდ ბევრი რამის გაკეთება შეუძლიათ ერთობით, როდესაც ერთიანდებიან ევრო-ატლანტიკური მომავლისთვის. მე კი გარწმუნებთ, რომ ამერიკის შეერთებული შტატები გააგრძელებს თქვენს გვერდით დგომას.
ჩემს სიტყვას დავასრულებ პაპის, იოანე-პავლე მეორეს სიტყვებით, რაც ასე შეეფერება დღევანდელობას, ვისწრაფვით რა მშვიდობიანი, თანასწორი და წარმატებული მომავლისკენ: “ არასოდეს დაკარგო იმედი, არასოდეს დაეჭვდე, არასოდეს დაიღალო და არასოდეს გაიტეხო გული. არ შეგეშინდეს.“
საქართველო და ამერიკა არის დასტური, იმისა რომ თავისუფლების მოყვარული ხალხი საბოლოოდ უარს იტყვის უიმედობასა და სიბნელის სამყაროში ცხოვრებაზე.
ჩვენ ერთიანები ვართ-ამერიკა და საქართველო-თავისუფლების სახელით.
ღმერთმა დალოცოს ამერიკა. ღმერთმა დალოცოს საქართველო“, - თქვა დეგნანმა.