„ტვ პირველის“ დამფუძნებლის, ვატო წერეთლის განცხადებით, აშშ-ის საელჩოს ეზოში მიმდინარე დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ მიღებაზე, „ქართული ოცნების“ დეპუტატები ფიზიკურად გაუსწორდნენ.
როგორც წერეთელი აცხადებს, მას ხელი დაარტყა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა.
ვატო წერეთელი აშშ-ის ელჩს კელი დეგნანს კადრების გასაჯაროებისკენ მოუწოდებს.
„ამერიკის საელჩოს ტერიტორიაზე „ქართული ოცნების“ დეპუტატები დამესხნენ თავს და ფიზიკურად გამისწორდნენ. ამერიკის საელჩოს ეზოში, სადაც 200-300 სტუმარი იყო მოწვეული. წარმოგიდგენიათ, აშშ-ის საელჩოს ტერიტორიაზე ეს, რომ ხდება, გარეთ რა ხდება?!
მივმართავ კელი დეგნანს, აშშ-ის ტერიტორიაზე მოხდა ფიზიკური გასწორება ადამიანის, კონკრეტულად ჩემ მიმართ, კეთილი ინებეთ და გაასაჯაროეთ კადრები. მედიას მიეცით კადრები, როგრ უსწორდებიან „ქართული ოცნების“ დეპუტატები ადამიანს. თქვენს ტერიტორიაზე მოხდა კრიმინალი.
მე რომ ბევრი არ ვილაპარაკო, ეპიცენტრში 200-მდე სტუმარი იყო. კელი დეგნანს მივმართავ, დღესვე კადრები გაასაჯაროვეთ. 200-მდე კამერა იქნებოდა. უამრავი თვითმხილველი იყო. ოხანაშვილი დაიძრა ჩემსკენ, მოყვა ზარქუა, ოდიშარია, მგალობლიშვილი, მომიჭირა ხელზე, დამიწყო გარჩევები. ოხანაშვილი, რომ ქუჩურ გარჩევებს დაგიწყებს, თავი უნდა მოიკლა. რაღაცებს მიყვიროდა, მერე ხელი მომიქნია სახეში. მერე სანამ აზრზე მოვედი, მეორემ მომიქნია ხელი. ორივე მომხვდა“, - თქვა წერეთელმა „ტვ პირველის“ ეთერში.
„ტვ პირველი" მიმართავს შეერთებული შტატების საელჩოს, რომ დაუყოვნებლივ გაასაჯაროვოს მის ტერიტორიაზე მომხდარი თავდასხმის ამსახველი ვიდეოჩანაწერები.