ინდონეზიის პრეზიდენტი ჯოკო ვიდოდო აცხადებს, რომ რუსეთის პრეზიდენტ პუტინს უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის გზავნილი გადასცა.
პრეზიდენტი ვიდოდო დღეს რუსეთს სტუმრობს, მანამდე იგი კიევში იმყოფებოდა, სადაც შეხვედრა გამართა უკრაინელ კოლეგასთან.
"მე პრეზიდენტ პუტინს გადავეცი პრეზიდენტ ზელენსკის მესიჯი და გამოვთქვი მზადყოფნა, დამყარებულიყო კომუნიკაცია ორ ლიდერს შორის", - თქვა ვიდოდომ პუტინთან მოლაპარაკებების შემდეგ.
მან აღნიშნა, რომ სამშვიდობო საკითხები ყოველთვის იყო ინდონეზიის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტი.
"სწორედ ამ კონტექსტში ვესტუმრე კიევსა და მოსკოვს", - თქვა ვიდოდომ.
მისი თქმით, მნიშვნელოვანია რუსეთსა და უკრაინას დიალოგის გახსნა და სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა.
თავის მხრივ, რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დმტრი პესკოვმა განაცხადა, რომ ის არ გაცნობია პრეზიდენტ ზელენსკის შეტყობინების შინაარსს.
"ჯერ არ ვიცი, რაზეა საუბარი", - განუცხადა პესკოვმა ჟურნალისტებს, რომლებმაც ჰკითხეს მას შეტყობინების შინაარსის შესახებ.