საქართველოს უსაფრთხოებისთვის, კეთილდღეობისთვის ამერიკასთან და ევროკავშირთან ჩვენი ურთიერთობები მნიშვნელოვანია და ამ ურთიერთობებს განსაკუთრებულად უნდა გავუფრთხილდეთ, - ამის შესახებ განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა, პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ.
"ამერიკის შეერთებული შტატები და ევროკავშირი არიან საქართველოს სტრატეგიული მოკავშირეები. გეოპოლიტიკურ მოცემულობაში, ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან თანამშრომლობას და ურთიერთობას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, განსაკუთრებით ამ ვითარებაში. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ამ ურთიერთობის სათანადოდ წარმართვა. ამ გეოპოლიტიკურ მოცემულობაში, საქართველოს უსაფრთხოებისთვის და კეთილდღეობისთვის ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან, ამერიკასთან და ევროკავშირთან ჩვენი ურთიერთობები მნიშვნელოვანია და ამ ურთიერთობებს განსაკუთრებულად უნდა გავუფრთხილდეთ.
თუ ვინ არის ჩვენი, საქართველოსთვის საფრთხის შემქმნელი, ჩვენ ამას 30 წელიწადია, ვუყურებთ. ამ რეალობაში ყოველდღიურად ვცხოვრობთ და ყველა ქართველს კარგად გვაქვს გათვითცნობიერებული და გააზრებული, რა საფრთხეებს უყურებს ქვეყანა. ეს ჩვენს თავზე გამოვცადეთ, ჩვენმა მშობლებმა გამოსცადეს და ძალიან არ გვინდა, ჩვენმა შვილებმაც იგივე გამოსცადონ. სწორედ ამიტომ, ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ და სიფრთხილით ვეკიდებით იმ უსაფრთხოების გარემოს, რაც რეგიონშია შექმნილი. ვფრთხილობთ, რომ საქართველო არ აღმოჩნდეს კიდევ ერთხელ ოკუპაციის მსხვერპლი, რუსული აგრესიის, რომელსაც ჩვენ ყოველდღიურად ჯერ კიდევ ვუყურებთ ოკუპირებულ რეგიონებში", - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.