შეერთებულმა შტატებმა, უკრაინაში გაჩაღებული ომის გამო, რუსეთის წინააღმდეგ სანქციათა მორიგი პაკეტი გამოაცხადა.
ამერიკის სახაზინო დეპარტამენტის თანახმად, სანქციები დაუწესდება რუსეთის 58 მოქალაქესა და რამდენიმე ათეულ კომპანიას, მათ შორის "Ростех"-ს, "КАМАЗ"-სა და და United Aircraft Corporation.
"დღეს აშშ-ის ხაზინის საგარეო აქტივების კონტროლის ოფისმა (OFAC) სანქციები დაუწესა რუსეთის 70 იურიდიულ პირს, რომელთაგან ბევრი მნიშვნელოვან როლს ასრულებს რუსეთის ფედერაციის თავდაცვის ინდუსტრიულ სექტორში. სანქციები ასევე დაწესებულია 29 რუსი ფიზიკური პირის მიმართ", - ნათქვამია სახაზინო დეპარტამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
ამასთან, დამატებით 29 ფიზიკური პირისა და 45 იურიდიული პირის წინააღმდეგ სანქციები დააწესა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა.
სანქციების ქვეშ მოექცნენ პუტინისტი ტელეწამყვანი და მედია მენეჯერი თინა კანდელაკი და თავდაცვის ყოფილი მინისტრი ანატოლი სერდიუკოვი, ასევე მისი შვილები სერგეი და ნატალია და მისი მეუღლე ევგენია ვასილიევა.
აშშ ასევე აკრძალვას აწესებს რუსეთიდან ოქროს იმპორტზე.