უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება მოუწოდებს "დიდი შვიდეულის" ლიდერებს, რომლებიც ბავარიის ალპებში დასკვნითი სამიტისთვის იკრიბებიან, გააძლიერონ რუსეთზე ზეწოლა სანქციებითა და კიევისთვის მეტი იარაღის მიწოდებით.
კულებამ კომენტარი გააკეთა 26 ივნისს კიევის დაბომბვაზე, რის შედეგადაც რაკეტები საცხოვრებელ შენობებს მოხვდა.
უკრაინის ხელისუფლების ცნობით, დაბომბვის შედეგად სულ მცირე ერთი ადამიანი დაიღუპა და ხუთი დაშავდა, მათ შორის შვიდი წლის გოგონა.
"7 წლის უკრაინელ გოგონას მშვიდად ეძინა კიევში, ვიდრე რუსულმა ფრთოსანმა რაკეტამ მისი სახლი არ ააფეთქა. უკრაინა კიდევ უფრო მეტი დარტყმების ქვეშაა. G7-ის სამიტმა უნდა უპასუხოს რუსეთს მეტი სანქციითა და უკრაინისთვის მეტი მძიმე იარაღით. რუსეთის ავადმყოფური იმპერიალიზმი უნდა დამარცხდეს", - წერს კულება.
"დიდი შვიდეულის" ქვეყნების ლიდერები გერმანიაში, ელმაუს ციხე-სიმაგრეში იკრიბებიან, რათა იმსჯელონ გლობალური ეკონომიკისა და უკრაინაში რუსეთის მიერ გაჩაღებულ ომზე. სამიტში მონაწილეობას ვირტუალურად მიიღებს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი.
სამიტის დაწყებადე გავრცელდა ცნობა, რომ "დიდი შვიდეულის" ოთხი ქვეყანა - აშშ, დიდი ბრიტანეთი, კანადა და იაპონია - რუსეთიდან ოქროს იმპორტის აკრძალვას გეგმავენ.