შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი გერმანიაში ჩავიდა, სადაც ის, აშშ-ის მოკავშირე ქვეყნების ლიდერებთან ერთად, დაესწრება დიდი შვიდეულის სამიტს, სადაც განიხილავენ გლობალური ეკონომიკის საკითხებსა და რუსეთის წინააღმდეგ ერთიანი ფრონტის განსამტკიცებლად გადასადგმელ ნაბიჯებს.
ჯო ბაიდენი ვაშინგტონიდან მიუნხენში ჩაფრინდა, შემდეგ კი ვერტმფრენით ჩავიდა "დიდი შვიდეულის" სამიტის ადგილზე - ელმაუს ციხესიმაგრეში.
"დიდი შვიდეულის" სამიტის ფარგლებში, პირველი შეხვედრა გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცსა და პრეზიდენტ ბაიდენს შორის გაიმართა.
G7-ის ლიდერები - აშშ, დიდი ბრიტანეთი, კანადა, საფრანგეთი, გერმანია, იტალია და იაპონია - ბავარიის ალპებში, ელმაუს ციხე-სიმაგრეში შეხვდებიან. შემდეგ ლიდერები გაემგზავრებიან მადრიდში ნატოს სამიტზე.
ორივე სამიტი გაიმართება უკრაინაში რუსეთის მიერ გაჩაღებული ომის, ასევე ინფლაციის გლობალური ზრდის, რეცესიის საფრთხისა და ჩინეთის შეკავების მზარდი პრობლემის ფონზე.
სამიტის დაწყებადე გავრცელდა ცნობა, რომ "დიდი შვიდეულის" ოთხი ქვეყანა - აშშ, დიდი ბრიტანეთი, კანადა და იაპონია - რუსეთიდან ოქროს იმპორტის აკრძალვას გეგმავენ.