ბულგარეთის პარლამენტმა 24 ივნისს მხარი დაუჭირა ევროკავშირსა და ჩრდილოეთ მაკედონიას შორის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყებას.
გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა 170-მა დეპუტატმა, 37-მა წინააღმდეგ მისცა ხმა, 21-მა კი თავი შეიკავა. ამგვარად, ბულგარეთმა, შესაძლოა, უახლოეს დღეებში განბლოკოს მოლაპარაკებების პროცესი, რომელსაც სოფიამ 2020 წელს ვეტო დაადო და ამავდროულად დაბლოკა ევროკავშირში ალბანეთის გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყება.
ბულგარეთის პარლამენტის გადაწყვეტილება შეიცავს რიგ პირობებს, რომელთა შორის არის ჩრდილოეთ მაკედონიაში ბულგარელი უმცირესობების უფლებების დაცვა კონსტიტუციური ცვლილებების გზით, ასევე სკოპიემ უნდა დაიცვას ბულგარეთთან კეთილმეზობლური ურთიერთობა. ამ კომპრომისის შეთავაზებით გამოვიდა საფრანგეთი, რომელიც ამ დროისათვის ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანაა.
ჯერ უცნობია, დათანმდებიან თუ არა სკოპიეში ამ პირობებს. ჩრდილოეთ მაკედონიის პრემიერ-მინისტრმა დიმიტარ კოვაჩევსკიმ აღნიშნულ პირობებს უკვე უწოდა მიუღებელი.
ბრიუსელში, 23 ივნისს გაიხსნა ევროკავშირის სამიტი, რომელზეც განიხილებოდა ევროკავშირში უკრაინის, მოლდოვის, საქარველოს, ასევე ბალკანეთის ქვეყნების გაწევრიანების პერსპექტივა.
უკრაინამ და მოლდოვამ მიიღეს ევროკავშირში გაწევრიანების კანდიდატის სატატუსი, ამავროულად, გერმანიამ, ავსტრიამ, ხორვატიამ და სლოვენიამ მოუწოდეს არ დაივიწყონ ბალკანეთის ქვეყნები, რომლებიც ევროკავშირში გაერთიანების პროცედურის დაწყებას უკვე მრავალი წელია ელოდებიან.
ჩრდილოეთ მაკედონიამ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი 2005 წელს მიიღო, მონტენეგრომ - 2010 წელს, სერბეთმა - 2012 წელს, ალბანეთმა კი - 2014 წელს.