პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ ევროკავშირს "ფარდას აღარ ახდის", რადგან საქართველომ ევროპული საბჭოსგან მიიღო ის, რასაც იმსახურებდა. მისივე განცხადებით, ასე რომ არ მომხდარიყო საკუთარ პოზიციაზე დარჩებოდა და უფრო მეტს იტყოდა.
"მე მინდა ჩვენ ხალხს ავუხსნა და თქვენ აგიხსნათ შემდეგი, მე გავაკეთე განცხადება, რომელიც თქვენ ახსენეთ მას შემდეგ რაც მოვისმინეთ და ვიხილეთ ჩვენ სრულიად შეურაცხმყოფელი რეზოლუცია, რომელიც მიიღო ევროპარლამენტმა, მათ შორის ჩვენი ოპოზიციის აქტიური ჩართულობით, მათი პარტნიორების, ლობისტების უშუალო მონაწილეობით და უშუალო კენჭისყრაში მონაწილეობით. ჩემი მაშინდელი ემოციური რეაქცია იყო აბსოლუტურად გააზრებული და მე ეს შეგნებულად გავაკეთე და რომ არა ჩემი და ჩემი გუნდის პრინციპული ასე ვთქვათ დამოკიდებულება და საჯარო მიმართვა ევროპისადმი, შესაძლოა, ვახსენებ რა ჩვენს ოპონენტებს და მათ ლობისტებს, მათ პარტნიორებს, შესაძლოა საქართველოს დღეს არ მიეღო ეს დამსახურებული ევროპული პერსპექტივა, ამის რისკები დავინახეთ ჩვენ. ვინაიდან, წარმოგიდგენიათ, ყოვლად უსამართლო, შეურაცხმყოფელი რეზოლუცია იქნა მიღებული და ჩვენ ეს ღიად ვთქვით ყოველგვარი დაფარვისა და მიკიბ მოკიბვის გარეშე, ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად, რომ ჩვენ არ შევეგუებით უსამართლობას და შეურაცხყოფას და ყოველთვის გვექნება ძალიან მძაფრი და სამართლიანი, პროპორციული შეფასებაც, ქმედებაც და რეაქციაც. რომ არა ჩვენი ასე ვთქვათ პრინციპულობა, ჩვენ ამ პრინციპულობას, ჩემი და ჩემი გუნდის, გარკვეული როლი ამაში მიუძღვის, ამ ჩვენმა პრინციპულმა, მტკიცე დამოკიდებულებამ, ჩვენმა დემონსტრაციამ ასე ვთქვათ, თავისი როლი შეასრულა.
მე რა თქმა უნდა არ ვცვლი ჩემ პოზიციას, ჩვენ რომ არ გვეხილა ასე ვთქვათ ასეთი სწორი, სამართლიანი გადაწყვეტილება, რა თქმა უნდა, მე ჩემ პოზიციაზე დავრჩებოდი, უფრო მეტს ვიტყოდი, მაგრამ დღეს ვინაიდან ჩვენ მივიღეთ ის რაც მივიღეთ და ეს არის დამსახურებული, მივიღეთ რაც დავიმსახურეთ, მე აღარ ვთვლი საჭიროდ, რომ ამ თემაზე გავაგრძელო დისკუსია", - თქვა ღარიბაშვილმა.