შვედეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი და ევროპული საბჭოს საგარეო კომიტეტის მოქმედი თანათავმჯდომარე კარლ ბილდტი ეხმიანება პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის პარლამენტში გაკეთებულ განცხადებას, სადაც მან თქვა, რომ "წინა ხელისუფლების დროს, კარლ ბილდტის ცოლის კომპანიას მილიონები აქვს წაღებული ბიუჯეტიდან".
"ეს ბიჭი - საუბარი მაქვს საქართველოს პრემიერ-მინისტრზე - შეკეთებას აღარ ექვემდებარება. პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას ჩემი ცოლის დადანაშაულება საქართველოს ბიუჯეტიდან მილიონების მოპარვაში, აჩვენებს, რომ რელსებიდან გადავიდა. ის ტრაგედიაა ძალიან კარგი ქვეყნისთვის", - წერს კარლ ბილდტი სოციალურ ქსელ "ტვიტერში".
"ბიუჯეტიდან თქვენ მილიონებს უხდიდით კარლ ბილდტს მაგალითად. კარლ ბილდტის ცოლის კომპანიას აქვს მილიონები წაღებული ბიუჯეტიდან, თქვენი მმართველობის დროს, დღეს გამოდის და გვმოძღვრავს. გადაეცით ახლა ეს დღესვე. ახლავე დაიწყეთ წერა. გადაეცით. ახლა ეს ემოციები გაივლის", - უთხრა ღარიბაშვილმა ოპოზიციას პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.