ლუჰანსკის ოლქის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი სერჰი გაიდაი ამბობს, რომ რუსეთის ძალები ლისიჩანსკს უახლოვდებიან.
მისი თქმით, ოკუპანტები გამაგრებულები არიან ლისიჩანსკის სიახლოვეს მდებარე დასახლებებში, ქალქი იბომბება არტილერიის, ტანკებისა და ავიაციის გამოყენებით. დაჭრილია სულ მცირე სამი მშვიდობიანი მოქალაქე და რამდენიმე პოლიციელი.
რუსებმა სარაკეტო დარტყმები მიაყენეს პოლიციის, პროკურატურისა და უსაფრთხოების სამსახურის შენობებს.
ამასთან, რუსეთის საოკუპაციო არმია დამატებით ტექნიკას და ცოცხალ ძალას აგზავნის ლუჰანსკის ოლქში კიდევ სხვა მიმართულებით, კერძოდ, ტოკშოვკისთვის ბრძოლაში ოკუპანტებმა გამოიყენეს 30-მდე ჯავშანტრანსპორტიორი და 10 ტანკი.
უკრაინის ძალები სევეროდონეცკის სამრეწველო ზონაზე კონტროლს ინარჩუნებენ. ქალქში მიმდინარეობს ქუჩის ბრძოლები.