საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა თეა წულუკიანმა კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად ხელისუფლების მიერ გადასადგმელ ნაბიჯებსა და ამ პროცესში ოპოზიციის როლზე ისაუბრა.
წულუკიანის თქმით, იმ მიდგომებით, რაც ახლა აქვთ, ოპოზიციას ქვეყანა არ მიჰყავს ევროპისკენ.
"გვაქვს დიდი შედეგი, ეს არის სტატუსი პერსპექტივის შესახებ, ვიმსახურებდით ალბათ უფრო მეტს, ალბათს ვამბობ, რადგან ასეა საჭირო, ვიმსახურებდით უფრო მეტს, მაგრამ როგორც ძალიან კარგად აღნიშნა ჩვენმა მთავრობის მეთაურმა, ჩვენ არავისი გვშურს. შესაბამისად, ჩვენ ჩვენი ქვეყნის მშენებლობა გავაგრძელოთ, ვიაროთ იმ ისტორიული არჩევანის გზაზე, რომელიც გახლავთ ევროპული გზა და აუცილებლად ვიქნებით წარმატებულები. აქვე შეგახსენებთ ყველას, იმას, რაც არ უნდა დაგვავიწყდეს. როდესაც ჩვენ უვიზო რეჟიმისთვის ვმუშაობდით, როდესაც ჩვენ ასოცირების შეთანხმების ხელმოწერისთვის ვმუშაობდით, ყოველთვის საწყისს ეტაპზე ვიყავით ხოლმე მესამე ქვეყანა და შემდეგ, როდესაც ვიმუშავებდით, რეფორმებს განვახორციელებდით ამ ტრიოში ვიყავით ხოლმე ყოველთვის პირველი ქვეყანა. დღესაც ვართ ჩვენი შედეგებით პირველი ქვეყანა, მაგრამ სტატუსების მიხედვით, ვართ მხოლოდ პერსპექტივის სტატუსის მქონე. უბრალოდ საჭიროა, ახლა მუშაობა, დიდი იმედი მაქვს, ამ პროცესის ნაწილი რაღაცნაირად, არ ვიცი, როგორ, მაგრამ თავის თავში ძალას იპოვის და გახდება ოპოზიციაც. ასეთი მიდგომებით, ოპოზიციას არ მიყავს ჩვენი ქვეყანა ევროპისაკენ. სად მიყავს ეს არ ვიცი, მაგრამ ევროპისკენ რომ არ მიყავს, ეს ნამდვილად ასე მგონია და ალბათ არ იქნება მართალი, თუ ამას არ გეტყოდით ღიად“, – განაცხადა წულუკიანმა.