კომისია გარკვევით ამბობს - „ქვეყანას სჭირდება დეოლიგარქიზაცია“. ყველამ კარგად იცის, რომელ ოლიგარქზეა საუბარი. გთხოვთ, არ დაუშვათ, რომ თქვენი ლამაზი ქვეყანა გახდეს იმ ხალხის მძევალი, რომლებიც ძალაუფლების ჩრდილში რჩებიან, - ამის შესახებ ლიეტუველმა ევროპარლამენტარმა, რასა იუკნევიჩიენემ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციისთვის „შინ ევროპისკენ“ სპეციალურად ჩაწერილი მიმართვის დროს განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოს მთავრობამ ყველაფერი გააკეთა, რომ ევროკომისიის რეკომენდაცია საქართველოსთვის სასურველი არ ყოფილიყო.
ევროპარლამენტარმა ქართულ საზოგადოებას მიმართა, „როცა საარჩევნო ყუთთან დადგება, გაიხსენოს, ვინ დახია საქართველო უკან რუსეთისკენ“.
„ბოლო დროს საქართველოს დემოკრატიულ პროცესებზე ჩვენამდე მხოლოდ ცუდი ამბები აღწევს - ყოფილი პრეზიდენტი და ყველაზე მსხვილი ოპოზიციური მედიის ლიდერი ციხეში იმყოფებიან. ხორციელდება თავდასხმები სხვა ჟურნალისტებზე და საქართველოს მეგობრებზეც კი ევროპასა და აშშ-ში. როგორც ჩანს, თქვენმა მთავრობამ ყველაფერი გააკეთა, რომ ევროკომისიის რეკომენდაცია საქართველოსთვის სასურველი არ ყოფილიყო. გასაკვირი არაა, რომ კომისია ძალიან კრიტიკულია თავის რეკომენდაციაში ამ პრობლემების მიმართ, რაზეც პასუხისმგებლობა დღევანდელ ხელისუფლებას ეკისრება.
კომისია გარკვევით ამბობს - „ქვეყანას სჭირდება დეოლიგარქიზაცია“. ყველამ კარგად იცის, რომელ ოლიგარქზეა საუბარი. გთხოვთ, არ დაუშვათ, რომ თქვენი ლამაზი ქვეყანა გახდეს იმ ხალხის მძევალი, რომლებიც ძალაუფლების ჩრდილში რჩებიან. ასეთი პოლიტიკა არ მიგიყვანთ ევროკავშირში, ეს არის კრემლისთვის საჩუქარი.
ძვირფასო ქართველებო, დარწმუნებული იყავით, ვითარება უიმედო არ არის. თქვენ გამოხვალთ ამ მდგომარეობიდან. ბევრი ქვეყანა, რომელმაც გამოსცადა საბჭოთა რეჟიმი, იგივე პრობლემების წინაშე იდგა. ყველგან არსებობენ მსგავსი მანიპულატორები და კრემლის მეგობრები. ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ თითოეულმა თქვენგანმა აიღოს პირადი პასუხისმგებლობა თქვენი ქვეყნის მომავლისთვის. როდესაც დადგებით საარჩევნო ყუთთან, გაიხსენეთ, ვინ დახია საქართველო უკან, რუსეთისკენ. ძალიან კარგად ვიცი, რამდენად საშიშია ეს ცვლილება თქვენი ქვეყნისთვის და ყველაფერს გავაკეთებ, რომ საქართველო გახდეს ევროკავშირის დღის წესრიგში.
მივმართავ ყველა პოლიტიკოსს მმართველ გუნდშიც და ოპოზიციაშიც, თქვენ უნდა აიცილოთ თავიდან მძევლის სტატუსი, იპოვოთ ძალა ძლიერი ევროპული დღის წესრიგისთვის. თქვენი საოცარი ხალხი ამას იმსახურებს“, - განაცხადა რასა იუკნევიჩიენემ.