ყველა აქციას ვუერთდები, რომლის მოთხოვნაც ქვეყნის ევროპული არჩევანია, - აცხადებს "მოქალაქეების" ერთ-ერთი ლიდერი ალეკო ელისაშვილი. მისი განმარტებით, ფაქტია, რომ უკრაინამ და მოლდოვამ გვაჯობეს და ჩვენ ჩავფლავდით.
"ამიტომ, იმიტომ, ეს ასეა, ის ისეა... - ჩვენს ხელისუფლებას რომ არ ეკეთებინა ის, რაც განსაკუთრებით ევროპასთან და ევროკავშირთან მიმართებით აკეთა, ასე არ ჩავფლავდებოდით და მოლდოვასა და უკრაინასავით წელგამართული ვიქნებოდით. ახლა თვითგვემის და ევროპაზე ხელის ჩაქნევის დრო არ არის. რა არის არჩევანი? - შევუერთდეთ რუსეთს?! ღმერთმა დაგვიფაროს, ეს არ უნდა დავუშვათ! კარგად უნდა შევაჯანჯღაროთ საკუთარი თავიც და ხელისუფლებაც. გვაქვს ძალიან მკაფიო დავალებები და მკაფიო დრო - კონკრეტულ 12 პუნქტს თუ შევასრულებთ, ჩვენ გვეხსნება შესაძლებლობა მივიღოთ ევროკავშირის წევრობის კანდიდატობა. დაკარგული არაფერი არ არის - ახლა ხელები უნდა დავიკაპიწოთ და მონდომებით ვიმუშაოთ", - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.