სკოლადამთავრებულები სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელ მზა დოკუმენტებს – ატესტატებს განაცხადის წარდგენიდან მე-10 სამუშაო დღეს, უფასოდ მიიღებენ. დოკუმენტის დაჩქარებული წესით აღების სურვილის შემთხვევაში კი დაწესებულია შესაბამისი საფასური. საფასურის გადახდის გარეშე ატესტატის მისაღებად განაცხადის გაკეთება შესაძლებელია მიმდინარე წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის – ატესტატის გაცემა 20 ივნისიდან დაიწყო.
აბიტურიენტები სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო მატერიალური დოკუმენტის მისაღებად განაცხადის გაკეთებას იუსტიციის სახლებში, საზოგადოებრივ ცენტრებსა და სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ფილიალებში შეძლებენ.
სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის – ატესტატის მიღება შესაძლებელია როგორც მატერიალური, ასევე, ელექტრონული ასლის ფორმით.
ელექტრონული ატესტატი არის ორიგინალი დოკუმენტის ასლი, რომელიც ორიგინალის თანაბარი იურიდიული ძალის მქონე ელექტრონული დოკუმენტია.
დაინტერესებულ პირს, მატერიალური დოკუმენტის დამზადების შემდეგ, ნებისმიერ დროს, ადგილიდან გაუსვლელად შეუძლია ელექტრონული პორტალიდან (my.gov.ge) ელექტრონული ატესტატი ჩამოტვირთოს განცხადების ჩაბარებისას მისთვის გადაცემულ სამახსოვრო ბარათში მითითებული განცხადების ნომრისა და კოდის მეშვეობით და გადააგზავნოს საჭიროებისამებრ.
აბიტურიენტმა შეიძლება ელექტრონული ატესტატით ისარგებლოს იმის მიუხედავად, გაიტანს თუ არა მზა მატერიალურ დოკუმენტს.
ამასთანავე, ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია, ელექტრონულ პორტალ my.gov.ge-ზე ატესტატის ელექტრონული ასლის ვალიდურობა (ნამდვილობა) გადაამოწმოს ელექტრონულ ატესტატზე მითითებული ინდივიდუალური ნომრის მეშვეობით.
ფოტო: გორის იუსტიციის სახლი