რეალურად, მოლდოვას და უკრაინას სტატუსს აძლევენ ავანსად. ეს არის წამახალისებელი ავანსი უკრაინისთვის, რომელიც უმძიმეს ომშია, ასევე მოლდოვისთვის, რომელიც არის მძიმე მდგომარეობაში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
მისივე თქმით, ამავდროულად მათ მოსთხოვენ მთელი რიგი რეფორმების გატარებას.
„ვიცი, რომ მოქალაქეების უმეტესობას გარკვეული კითხვა დარჩა, თუ რატომ აღმოჩნდა უფრო მეტად წახალისებული მოლდოვა და უკრაინა, ამიტომ მსურს, მოქალაქეებს განვუმარტო, ავუხსნა შემდეგი. მოლდოვას და უკრაინას აქვთ აბსოლუტურად იდენტური ჩანაწერი პერსპექტივასთან დაკავშირებით.
ანუ მოლდოვას და უკრაინასაც ჩაუწერეს, რომ მიენიჭებათ, ევროკომისია რეკომენდაციით მიმართავს საბჭოს, რომ მიენიჭოთ პერსპექტივა და სტატუსი. ანუ რეალურად, სტატუსს აძლევენ ავანსად, ეს არის წამახალისებელი ავანსი უკრაინისთვის, რომელიც უმძიმეს ომშია, ასევე მოლდოვისთვის, რომელიც არის უმძიმეს ომში. ამავდროულად, მათაც სთხოვენ, მოსთხოვენ მთელი რიგი რეფორმების გატარებას. ჩვენს შემთხვევაში, არის პირიქით. ჯერ უნდა შევასრულოთ ყველა პირობა, რომელიც არის დადებული, რეფორმები, პრიორიტეტები განვახორციელოთ და საქართველოს ამის შემდეგ მიენიჭება სტატუსი. მეგობრებო, ჩვენ კარგად გვესმის, რომ უკრაინა არის უმძიმეს ვითარებაში, ტერიტორიების 20 პროცენტი უკვე დაკარგული აქვს და ომი გრძელდება.
ასევე მოლდოვაც არის ძალიან მძიმე მდგომარეობაში, თუ ვინმე დაზარალდა ამ ომით, ერთ-ერთი პირველი არის მოლდოვა, რადგან მოსაზღვრე სახელმწიფოა და ძალიან ბევრი ნაკადი იყო დევნილების, ლტოლვილების. ძალიან ბევრი როგორც ეკონომიკური, ასევე უსაფრთხოების რისკები გაეზარდა მოლდოვას“, – განაცხადა პრემიერმა.