ჩვენ კარგად გვესმის, რომ უკრაინა უმძიმეს ვითარებაშია. ტერიტორიების 20% უკვე დაკარგული აქვს და ომი გრძელდება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ასევე, მოლდოვაც არის ძალიან მძიმე მდგომარეობაში, თუ ვინმე დაზარალდა ამ ომით, ერთ-ერთი პირველი არის მოლდოვა, ვინაიდან, მოსაზღვრე სახელმწიფოა და ძალიან ბევრი ნაკადი იყო დევნილების, ლტოლვილების და უამრავი, როგორც ეკონომიკური, ასევე, უსაფრთხოების რისკები გაეზარდა მნიშვნელოვნად მოლდოვას.
"გახსოვთ, წინა კვირას მე საჯაროდ ვთქვი, რომ ჩვენი ევროპელი კოლეგები მეუბნებოდნენ და მეც ღიად ვთქვი, რომ უკრაინას აძლევენ ამ სტატუსს იმიტომ, რომ იგი არის ომში. თქვენ ნახეთ, რომ რამდენიმე დღის წინ ევროპელი ლიდერები უკვე საჯაროდ ადასტურებენ ამ ფაქტს, რომ ეს გადაწყვეტილება მიიღეს იმიტომ, რომ უკრაინა არის ომში და ჩემთან პირად საუბრებში ასევე უთქვამთ, რომ მოლდოვაც არის ძალიან მძიმე მდგომარეობაში. ასე რომ, ნამდვილად არ მშურს არც უკრაინის, არც მოლდოვის. მინდა მივულოცო ჩვენს უკრაინელ და მოლდოველ მეგობარ ხალხს ეს წარმატება. მინდა მას ვუსურვო მშვიდობა და ქვეყნის გაერთიანება", - განაცხადა პრემიერმა.
ირაკლი ღარიბაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ სწორედ „ქართული ოცნების“ და ბიძინა ივანიშვილის დამსახურება არის ყველა ის ხელშესახები მიღწევა, რომელიც უკავშირდება საქართველოს ევროკავშირთან ინტეგრაციას/
"ასევე, მინდა ვუთხრა ჩვენს ძვირფას ხალხს, რომ სწორედ „ქართული ოცნების“ და ბიძინა ივანიშვილის დამსახურება არის ყველა ის ხელშესახები მიღწევა, რომელიც უკავშირდება საქართველოს ევროკავშირთან ინტეგრაციას და მე რამდენიმეს შევახსენებ ჩვენს ხალხს - ასოცირების ხელშეკრულება, თავისუფალი ვაჭრობა, უვიზო რეჟიმი და ახლა უკვე ევროპული პერსპექტივა და კანდიდატის სტატუსი. ეს ყველაფერი უკავშირდება „ქართული ოცნების“ მმართველობას. დიდი მადლობა, ვუსურვებ ჩვენს ქვეყანას მშვიდობას და ქვეყნის გაერთიანებას", - განაცხადა მთავრობის მეთაურმა.