"ჩვენ არ შევჭრილვართ უკრაინაში. ჩვენ გამოვაცხადეთ სპეციალური სამხედრო ოპერაცია, როდესაც აღარ დაგვრჩა არანაირი საშუალება დასავლეთისთვის აგვეხსნა, რომ ის ეწევა დანაშაულებრივ საქმიანობას, როდესაც უკრაინას ნატო-ში მიათრევს", - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა BBC-თან ინტერვიუში განაცხადა.
მსგავსი რიტორიკით არაერთხელ გამოსულა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინიც, ის ყოველ ჯერზე ამტკიცებს, რომ უკრაინაში დაიწყო "სამხედრო ინფრასტრუქტურის განლაგება", უკრაინაში ჩავიდა "ასობით უცხოელი მრჩეველი" და საფრთხე "ყოველდღე მატულობდა".
ჟურნალისტმა, ლავროვთან საუბრისას მაგალითად მოიყვანა გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის მიშელ ბაჩელეს სიტყვები, რომლებიც მან მაისში წარმოთქვა. უმაღლესმა კომისარმა განაცხადა, რომ ჩერნიჰოვის ოლქში, სოფელ იაგოდნოეში რუსმა სამხედროებმა 28 დღის განმავლობაში სკოლის სარდაფში გამოკეტეს 360 ადამიანი, მათ შორის 74 ბავშვი და ხუთი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირი. რუსები მათ არ აძლევდნენ საპირფარეშოს გამოყენების შესაძლებლობას, არ აძლევდნენ წყალს. გარდაიცვალა 10 ხანდაზმული ადამიანი.
"ეს ნაციზმთან ბრძოლაა?", - ჰკითხა ლავროვს ჟურნალისტმა.
"სამწუხაროდ, უცხოელი თანამდებობის პირები, მათ შორის ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისარი, ასევე, მათ შორის ჩემდა სამწუხაროდ, გაეროს გენერალური მდივანი და ორგანიზაციის სხვა წარმომადგენლები დასავლეთის ზეწოლის ქვეშ არიან. და ძალიან ხშირად, გამოდიან იმ ყალბი ამბების რუპორებად, რომელსაც დასავლეთი ავრცელებს", - უპასუხა ლავროვმა.
"ანუ გამოდის, რომ რუსეთი ისევ თეთრი და ფუმფულაა"?, - ჰკითხა ჟურნალისტმა.
"არა, რუსეთი არც თეთრია და არც ფუმფულა, რუსეთი ისეთია, როგორიც არის და ჩვენ არ გვრცხვენია ვაჩვენოთ, როგორებიც ვართ", - თქვა ლავროვმა.