ევროკომისია მხარს დაუჭერს ევროკავშირში წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას უკრაინისა და მოლდოვასთვის, საქართველოსთვის კი - არა. ამის შესახებ ნიდერლანდური გამოცემა NOS წყაროზე დაყრდნობით იუწყება.
აღნიშნულია, რომ ევროკომისია თავის დასკვნაში რეკომენდაციას გაუწევს უკრაინისთვის სტატუსის მინიჭებას, თუმცა პირობებით გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დასაწყებად - კერძოდ, სამართლიანობის უზენაესობის უზრუნველყოფისა და კორუფციასთან ბროლის მიმართულებით.
"სავარაუდოდ, ეს შუალედური ნაბიჯი არის რევერანსი ისეთი ქვეყნის მიმართ, როგორიც ნიდერლანდებია, რომელსაც მიაჩნია, რომ უკრაინა შორს არის კანდიდატის სტატუსის მიღების მზადყოფნისგან", - აღნიშნავს გამოცემა.
ამავდროულად, გამოცემის აზრით, უკრაინისთვის სტატუსის მინიჭება პოლიტიკური სიგნალია, რომელიც სურს უკრაინას გაუგზავნოს ევროკავშირის წევრი ქვეყნების უმეტესობამ.
კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია გაიცემა მოლდოვისთვისაც, მაგრამ მის მიმართ წამოყენებული იქნება უფრო მეტი მოთხოვნა გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყებისთვის.
რაც შეეხება საქართველოს, გამოცემა აღნიშნავს, რომ ევროკომისია მისთვის სტატუსის მინიჭების რეკომენდაციას არ გასცემს, ვიდრე ის პირობების გრძელ სიას არ დააკმაყოფილებს.
ნიდერლანდული გამოცემის მსგავს ინფორმაციას ავრცელებს სააგენტო Bloomberg-იც, რომელიც აღნიშნავს, რომ ევროკომისია უკრაინისა და მოლდოვისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე რეკომენდაციას გასცემს.
სამი ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ რეკომენდაციებთან დაკავშირებით ოფიციალურ განცხადებას ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი 17 ივნისს გააკეთებს.
ევროკომისიის პოზიცია არ ნიშნავს, რომ სამივე ქვეყანა მიიღებს ან არ მიიღებს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს. ამ საკითხს ივნისის ბოლოს სამიტზე ევროკავშირის ქვეყნების ლიდერები გადაწყვეტენ.