იზოლაციის საფრთხე ჩნდება, რომელიც ჩვენ მიერაა შექმნილი და რომელიც ბევრად დიდი და რეალური საფრთხეა, ვიდრე ე.წ. მეორე ფრონტის შესახებ შექმნილი მითი, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.
ამასთან, როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, დღევანდელ სიტუაციაზე პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება.
„იზოლაციის საფრთხე ჩნდება. იზოლაციისა, რომელიც ჩვენ მიერაა შექმნილი და რომელიც ბევრად დიდი და რეალური საფრთხეა, ვიდრე ე.წ. მეორე ფრონტის შესახებ შექმნილი მითი. ოპოზიციამ, უფრო სწორად მისმა რადიკალურმა ფრთამ, ცხადია, დამაზიანებელი როლი ითამაშა, მაგრამ ასევე გვყავს კონსტრუქციული და პროევროპული ოპოზიცია. ამ საკითხში, რაც არ უნდა მძაფრი, უსამართლო და დესტრუქციული ყოფილიყო ოპოზიციის ქმედებები, პირველ რიგში, ბრიუსელში, პასუხისმგებლობა დღევანდელ სიტუაციაზე არის ხელისუფლებაზე და ამას ვერავის ვერ გადაუნაწილებს, რამეთუ ხელისუფლება ერთია. ეს საკმაოდ მძიმე სურათია. მინდა გითხრათ, რომ ამ ყველაფრის მიუხედავად რჩება მცირე, მაგრამ რეალური შანსი“, - თქვა პრეზიდენტმა.