დღეს ერთგვარად კიდევაც ვიმუქრებით, „თუ არ მოგვცეს სტატუსი, ფარდას ავხდითო“. არ ვიცი, რა ფარდას ავხდით და როგორ ავხდით, მაგრამ ფარდა ჩვენზე რომ ნელ-ნელა ახდილია, ეს უნდა გვადარდებდეს, მგონი, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, სანქციების მიმართ მიდგომა და რიტორიკა ასევე გაუგებარია ჩვენი პარტნიორებისთვის და მოსახლეობის ნაწილისთვის მაინც.
„გავაჩინეთ ეს კითხვები იქიდან გამომდინარე, რომ გამოვიჩინეთ საქართველოსთვის სრულიად შეუფერებელი დამოკიდებულება მეგობარი ქვეყნის, უკრაინის და მისი ხელისუფლების მიმართ. საერთოდ, ვიცით ქართულ ტრადიციებში, რომ ადამიანი და ქვეყანა როცა ომშია, მისგან ყველაფერი უნდა მოვითმინოთ და არა შევიდეთ რაღაც უაზრო პოლემიკაში. როგორც ჩანს, ეს ტრადიციაც დაგვავიწყდა. კერძოდ, სანქციების მიმართ მიდგომა და რიტორიკა ასევე გაუგებარია ჩვენი პარტნიორებისთვის და მოსახლეობის ნაწილისთვის მაინც. თან შევუერთდით და ვიცით, რომ შეერთებული ვართ იმ ყველაზე მნიშვნელოვან ფინანსურ სანქციებს და თან ვამბობთ, რომ არ ვართ. ამავე დროს ვაკრიტიკებთ სხვებს, ვისთვისაც ამ სანქციების ფასი საკმაოდ მძიმეა თავიანთ მოსახლეობაზე. ვაფასებთ მათ მიერ მიღებულ სანქციებს, ევროკავშირზე მაქვს საუბარი და ვაფასებთ უარყოფითად, ვეუბნებით, რომ ეს უშედეგო იქნებაო. წარმოგვიდგენია ამას რა რეაქცია უნდა მოჰყვეს?! ამ დროს ასოცირების ხელშეკრულება გვთხოვს მაქსიმალურად შევუერთდეთ საგარეო გადაწყვეტილებებს“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.