თუ ვინმეს ეკუთვნის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი, ეკუთვნის საქართველოს, შემდეგ უკრაინას, მოლდოვას, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
"თუ ვინმეს ეკუთვნის [ევროკავშირის წევრობის კანდიდატობა], ეკუთვნის საქართველოს, შემდეგ ეკუთვნის უკრაინას და მოლდოვას. რომ იძახიან, უკრაინა ომშია და ამის გამო მას უნდა მიენიჭოს, უკაცრავად, თუ ომით განისაზღვრება სტატუსის მინიჭება, ჩვენ ომი არ გვინდა, მეგობრებო. ჩვენ ვითხოვთ დამსახურებულ სტატუსს, რომელიც ქართველმა ხალხმა დაიმსახურა თავისი 30-წლიანი ბრძოლით დემოკრატიის მშენებლობის და ბოლო 9 წლის განმავლობაში განხორციელებული რეფორმების გზაზე", - თქვა ღარიბაშვილმა.
მისი თქმით, საქართველო უკრაინასა და მოლდოვას ყველა მიმართულებით "ათი თავით უსწრებს".
"მოლდოვას და უკრაინას რომ ვუსწრებთ ათი თავით ყველა მიმართულებით, არ მინდა ამდენი ვილაპარაკო, მაგრამ ყველამ კარგად იცის და რაც მთავარია იცის ყველა ევროპელმა. იმ რეიტინგებს მეგობრებო, ჩვენ რომ გვიწერენ რეიტინგებს, ჩვენ რომ გვაფასებენ, ჩვენი ქვეყნის ღია მმართველობას, ანტიკორუფციულ პოლიტიკას, მედია თავისუფლებას, გამჭვირვალობას, უკაცრავად, ვინ ადგენს ამ რეიტინგებს, ხომ არ შემახსენებთ. ამ რეიტინგებს ადგენენ საერთაშორისო ორგანიზაციები, მაღალი რეპუტაციის, ავტორიტეტული ორგანიზაციები, რომლებიც აფასებენ ქვეყნებს თავიანთი რეფორმებისა და იმ მიღწევების მიხედვით, რომელიც ქვეყანას აქვს, ამ მიღწევების მიხედვით უკაცრავად, ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, ვუსწრებთ უკრაინასაც, მოლდოვასაც, აღარ მაქვს საუბარი სხვა ქვეყნებზე, აღმოსავლეთ პარტნიორობის და არა მხოლოდ, მათ შორის ევროკავშირის წევრ ქვეყნებსა და ევროპულ ქვეყნებს ვუსწრებთ ძალიან ბევრი მიმართულებით", - თქვა ღარიბაშვილმა.